logo_geo
eng_logo
საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა სრულად შესრულებულად მიიჩნია
- +

13 ივლისი. 2022. 11:27

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს თაობაზე ანგარიში დაამტკიცა და საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია სრულად შესრულებულად მიიჩნია.

ანგარიშის თანახმად, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი მიესალმება საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების და დისციპლინური გადაცდომების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 16 მაისის ბრძანების გამოცემას.

მათი შეფასებით, აღნიშნული ნორმატიული აქტით ზუსტად განისაზღვრა პროკურორების დისციპლინური გადაცდომების სახეები და უზრუნველყოფილ იქნა შესაბამისი დისციპლინური სახდელების გამოყენების პროპორციულობა.

აღნიშნულის საფუძველზე, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ სრულად შესრულდა რეკომენდაცია პროკურორების დისციპლინური რეჟიმის სრულყოფის თაობაზე.

საქართველოს პროკურატურას, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის რეკომენდაციების შესრულების მხრივ, პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გაცემული ხუთი რეკომენდაციიდან, ამ დროისათვის ხუთივე სრულად აქვს შესრულებული.

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფთან (GRECO) თანამშრომლობა, საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner