ნაძალადევის რაიონის მე-18 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, მოძრაობა „სახელმწიფო - ხალხისთვის" ნაძალადევის ოლქის აღმასრულებელი მდივანი კახა ქურციკიძე ადასტურებს, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიას საკუთარ გუნდთან ერთად ტოვებს.
ქურციკიძე პარტიის დატოვების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, პაატა ბურჭულაძის პარტიის ვაშაძე-ჯაფარიძესთან გაერთიანებას ასახელებს.
მისივე თქმით, ასევე, მისთვის ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" აგიტატორები სხვადასხვა უბნებზე მოსახლეობასთან შეხვედრისას აცხადებენ, რომ ბურჭულაძის პარტია და „ნაციონალური მოძრაობა" ერთი და იგივეა, რაც ქურციკიძის თქმით, მისთვის სრულიად მიუღებელია.
„გაერთიანების შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის უცნობი იყო. ეს იყო შეუთანხმებელი გადაწყვეტილება, რამაც საბოლოო გადაწყვეტილება მიგვაღებინა. თავდაპირველად, პაატა ბურჭულაძეს ვუჭრდით მხარს, რადგან ვიცოდით, რომ ის იყო სრულიად დამოუკიდებელი. ასევე, ჩვენამდე მოდიოდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" აგიტატორები დადიოდნენ უბნებზე და აცხადებდნენ, რომ ჩვენ და „ნაციონალები" ერთნი ვართ, რაც არის სიცრუე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და მთელი ჩემი გუნდი ტოვებს პაატა ბურჭულაძის პარტიას", - განაცხადა ქურციკიძემ.
მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სატელიტ პარტიებთან გიორგი ვაშაძის პარტია „ახალ საქართველოსთან" და „გირჩთან" გაერთიანებამ ძალიან უარყოფითად იმოქმედა და შეურაცხმყოფელი იყო როგორც პარტიის წევრებისათვის, ასევე მათი მხარდამჭერებისთვის.
„მე და ჩემს თანამოაზრეებს მიგვაჩნია, რომ რაიმე სახის კავშირი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" არის სამარცხვინო. აღნიშნულიდან გამომდინარე, უარს ვაცხადებ, რაიმე ფორმით ვითანამშრომლო „ნაცმოძრაობის" სატელიტ პარტიებთან, ყოველივე ეს არის ჩემთვის და ჩემი თანამოაზრეებისათვის დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, რაზედაც მივიღე გადაწყვეტილება, უარი ვთქვა მაჟორიტარობის კანდიდატობაზე და ასევე ვტოვებ პაატა ბურჭულაძის პარტიას - „სახელმწიფო ხალხისათვის", - აცხადებს ქურციკიძე.
კახა ქურციკიძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ნაძალადევის რაიონში, მისი შტაბი მხარს „ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭერს.
ცნობისათვის, პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" პოლიტიკურ მოძრაობას „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალ არჩევანს" 18 აგვისტოს შეუერთდა.
ახალი პოლიტიკური პლატფორმის სახელწოდება - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" იქნება.