"ჩემი პატივისცემა მინდა დავუდასტურო და მადლობაც ვუთხრა იმ ხალხს, ვინც ყველაფერი ჩადო, რაც იცოდა და როგორც შეეძლო ამ აქციის ორგანიზებაში. ამ ხალხმა შრომა გასწია და არ მინდა ჩემი საუბარი ისე გამოვიდეს, რომ აი, რაღაცა პიედესტალზე მაღლა ვდგავარ და ახლა, ჭკუას ვასწავლი ვიღაცას. ახლა, ჩვენ ვსაუბრობთ პოსტ-ფაქტუმ და პოსტ-ფაქტუმ საუბარიც იოლი არის," - განაცხადა ისტორიკოსმა, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა, ბექა კობახიძემ გადაცემა ,,ღამის მთავარში’’ სტუმრობის დროს.
როგორც ისტორიკოსმა აღნიშნა, 17 ივნის იყო ის მომენტუმი, როდესაც შესაძლებელი იყო შრი-ლანკაში მომხდარი სცენარი საქართველოშიც განმეორებულიყო, თუმცა, მისი განმარტებით, ეს მომენტუმი ხელიდან იქნა გაშვებული.
,,ამ გადმოსახედიდან ჩანს, რომ ყველაზე ოპტიმალური იქნებოდა 17 ივნისს, როცა გაცხადდა, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ ვიღებთ, 17 ივნისს კიდევ უფრო დიდი მუხტი იყო, ვიდრე 20-ში. ასეთი მომენტუმი ალბათ იყო 17 ივნისი. 17 ივნისს სპონტანურად უნდა მომხდარიყო. აი, გაცხადდა ეს ხო, გავედით ყველა. ხელისუფლებამ დაარღვია კონსტიტუცია, პატარა რაღაც კი არ მოხდა, კონსტიტუცია არის დარღვეული, მიზანმიმართულად. არ გაქვს ინსტიტუტები, ეს იქნება თავისუფალი სასამართლო, თუ საგამოძიებო უწყებები, რომლებიც ამით, თუნდაც, დაინტერესდებიან, გამორიცხულია, ამას ვერ გააკეთებ და შესაბამისად, ასეთ დროს, უკვე ლეგიტიმური უფლებაა გააკეთო ის, რაც მოხდა შრი-ლანკაში. ანუ, 17 ივნისი იყო ეს მომენტუმი, თუ რაღაც მოკლე ვადაში გარდატეხის საშუალება იყო, ალბათ ეს უნდა მომხდარიყო 17 ივნისს. თუმცა, ამას მე ვსაუბრობ ერთი თვის შემდეგ და 17 ივნისს ამის მიხვედრა, ან ამის გარისკვა ორგანიზატორების მხრიდან შეიძლებოდა, არ ყოფილიყო მარტივი,’’ - განაცხადა ბექა კობახიძემ.