გუშინ საყარაულო განაწესის გეგმური შეცვლისას რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილი გარდაიცვლილი იპოვეს.
თავდაცვის სამინისტრო რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ოჯახს.
„რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილი, გუშინ საყარაულო განწესის გეგმიური შეცვლისას უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში. რიგითი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ტვინში არატრავმული სისხლჩაქცევა გახდა. გარეგნული დათვალიერებით, სხეულს ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. საქმე აღძრულია სსკ 116-ე მუხლის I ნაწილით. საქმეს იძიებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი. რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურში მიმდინარე წლის ივნისის თვეში გაიწვიეს და სავალდებულო სამსახურს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შენახვის ბაზაზე გადიოდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილის გარდაცვალების გამო და დაკრძალვის ხარჯებს სრულად დაფარავს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.