საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საკუთარ მოქალაქეებს „კოლექტიური სიფხიზლისკენ" მოუწოდა, რათა გაზის დეფიციტის პირობებში, ბუნებრივი აირი ნაკლებად მოიხმარონ.
„ჩვენ ვართ ე.წ. ჰიბრიდულ ომში. ასე რომ, ენერგეტიკა არ არის ჩვენი სანქციების შედეგი. ფაქტობრივად, რუსეთი ენერგეტიკას, ისევე როგორც სურსათს, ომის იარაღად იყენებს”, - აღნიშნა მაკრონმა ინტერვიუში ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული აღლუმის შემდეგ.
საფრანგეთის ლიდერის განცხადებით, ის სთხოვს „ყველას, ვისაც შეუძლია, გეგმა ახლავე, ამ ზაფხულს შეიმუშავონ “, რათა შეამცირონ ბუნებრივი აირის ზოგადი მოხმარება და დაზოგონ გაზი.
„ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ უნდა მოვემზადოთ რუსული გაზის გარეშე ყოფნის სცენარისთვის. ეს სცენარი არ არის თეორიული. ეს ძალიან მკაცრი სცენარია და ამისთვის უნდა მოვემზადოთ”, - განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი განსხვავებით ზოგიერთი ევროპელი მეზობელისგან, ძალიან არ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და ამჟამად ისინი საკუთარ რეზერვებს ავსებენ.
„ჩვენ ყველა უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი უდავოდ ძალიან რთული იქნება“ - დასძინა საფრანგეთის ლიდერმა.