თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, განზრახ მკვლელობისთვის და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებისთვის, ასევე, პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის და წინააღმდეგობისთვის ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, ბ.ლ. და ბ.ხ. ანასტასია შატალოვას განზრახ მოკვლის მიზნით, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ბ.ლ. კორპუსის სადარბაზოსთან ანასტასია შატალოვას დაბრუნებას დაელოდა და მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მას მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, ბ.ხ.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ანასტასია შატალოვა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
იმავე დღეს ბ.ხ., რომელიც იმალებოდა ერთ-ერთი ბრალდებულის ლ.რ.-ს ბინაში, ჩხრეკის ჩასატარებლად მისულ პოლიციელებს თავს დაესხა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა, ხოლო მას შემდეგ, რაც ბინის მეპატრონემ პოლიციის თანამშრომლებს ბ.ხ.-ს დაკავებაში ხელი შეუშალა, ეს უკანასკნელი ქვედა სართულის აივანზე გადახტა, ხელყუმბარა კი კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით ისროლა, რომელიც არ აფეთქდა და იქვე მდებარე ავტოფარეხს დაეცა.
სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. ბ.ლ.-ს პირადი ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 3,85 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება, ჩადენილი ჯგუფურად) და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა) წარედგინა.
ბ.ხ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) და 19-3531-ე მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), ხოლო ლ.რ.-ს ბრალდება - 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით) და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა) წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.ლ. დამნაშავედ ცნო სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო იგი სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
ბ.ხ. დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-3531-ე მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
სასამართლომ ლ.რ. დამნაშავედ ცნო სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო იგი 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილია საქმე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად, რომელზეც გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს.