გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამრეწველო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები განიხილეს.
კანონის პროექტის მიხედვით, ქვეყანაში ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა დაინერგება, რომლის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიების პრევენცია, შემცირება და კონტროლი. პროექტი ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციასაც.
სამრეწველო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი დაესწრო.
მინისტრის მოადგილემ სამრეწველო საქმიანობებიდან გარემოს დაბინძურების პრევენციისა და მისი შემცირების ეფექტიანი მექანიზმებისა და რეგულაციების შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრა, რაც ევროპული სტანდარტის დანერგვის და ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფის კუთხით უმნიშვნელოვანესია.
„ახალი კანონპროექტი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ისახავს მიზნად და მსხვილ სამრეწველო საწარმოებს ავალდებულებს, გარემოს დაბინძურების შესამცირებლად, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა უზრუნველყონ. კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენა საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი; შემდეგ დაიწყება საკანონმდებლო განხილვები. ამ პროცესში აუცილებელია, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან კანონპროექტთან დაკავშირებული ყველა საკითხის დეტალური განხილვა და მათი მხრიდან იმ შესაძლო სირთულეების შესახებ ინფორმაციის მოსმენა, რაც კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვას შესაძლოა მოჰყვეს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
კანონის პროექტიდან გამომდინარე ვალდებულებების განხილვას ენერგიის წარმოების, ნავთობის/ნავთობპროდუქტების, მინერალური ნედლეულის გადამუშავების (ცემენტის კლინკერის, კირის, აგურის წარმოება), ქიმიური მრეწველობის და ქაღალდის წარმოების სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრები, მრეწველობის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან, 19 და 22 ივლისს გაგრძელდება.
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
https://eiec.gov.ge/Home.aspx/News/details/1842