logo_geo
eng_logo
„რუსეთსა და ირანს შორის კავშირების გაღრმავების ფონზე, აშშ-მ მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს“
- +

19 აგვისტო. 2016. 16:02



ამერიკული გამოცემა, „The Huffington Post" ამერიკელი პოლიტოლოგის არიელ კოენის პუბლიკაციას აქვეყნებს.


სტატიის თანახმად, „რუსეთსა და ირანს შორის კავშირების გაღრმავების ფონზე, აშშ-მ მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს".


სტატიის პირველ ნაწილში ნათქვამია, რომ აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ევრაზიაში, სტრატეგიულ ძალთა ბალანსს ხელახლა აყალიბებს.

 

„სსრკ 2-ის ხელახლა შექმნა რუსეთ-ირანის პოლიტიკური და უსაფრთხოების ინტერესების კოორდინირება კავკასიაში ძალთა გადათამაშებას  გამოიწვევს, რასაც სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს აშშ-ისა და დასავლეთის ინტერესებისთვის, განსაკუთრებით სომხეთსა და მის კონტროლის ქვეშ მყოფ მთიან ყარაბახთან დაკავშირებით, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებთან, სამხრეთ ოსეთსა (სამაჩაბლო) და აფხაზეთთან მიმართებაში. როგორც სამხრეთ ოსეთი, ისე აფხაზეთი კანონით საქართველოს ეკუთვნის",- აღნიშნულია სტატიაში.


არიელ კოენი მიიჩნევს, რომ ამ მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით კი ვაშინგტონში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა თქვას უარი სტრატეგიულ რეგიონზე სამხრეთ კავკასიაზე, რომელიც წარმოადგენს ხიდს ევროპასა და აზიას შორის და ატლანტიკურ სივრცესა და ცენტრალურ აზიას, აღმოსავლეთ ევროპასა და ირანსა და სპარსეთის ყურეს ერთმანეთთან აკავშირებს.

 

„სამხრეთ კავკასია არის უმნიშვნელოვანესი რეგიონი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ატლანტიკის ოკეანეს და შავ და ხმელთაშუა ზღვებს, გაუდინარ კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას. ეს არის აბრეშუმის გზაზე დასავლეთის ფორპოსტი. შესაბამისად, ის შედის აშშ-ისა და ევროკავშირის სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინტერესებში.

 

აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეინარჩუნოს მტკიცე კავშირები საქართველოსთან, როგორც თავის ერთგულ პარტნიორთან და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პროდასავლურ ქვეყანასთან. თბილისი არის ერთგული და მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი აშშ-ის ეგიდით ერაყში განხორციელებულ მისიაში, ასევე  NATO-ს ოპერაციებში ავღანეთში.

 

საქართველო, რომელსაც სათავეში უდგანან ქართული ოცნება, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მტკიცედ დგას დემოკრატიის გზაზე და მის მისწრაფებებში შედის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრება, მიუხედავად ძლიერი წინააღმდეგებისა რუსეთის მხრიდან.

 

8 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ავტონომიურ რეგიონებთან მშვიდობიანი შერიგება წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯაროდ დაგმო დე-ფაქტო ანექსია.

 

რუსეთმა განახორციელა აფხაზეთის ინტეგრირება თავის სამხედრო და ეკონომიკურ სისტემებში და აგრძელებს ამ რეგიონის უკანონო ოკუპაციას. რუსეთ-ირანის სცენარის გაძლიერებამ სამხრეთ კავკასიაში ზიანი შეიძლება მოუტანოს საქართველოს და მის სუვერენიტეტს.

 

გარდა ამისა, რუსეთმა არაერთხელ გადადგა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური ნაბიჯები. 2006 წელს, რუსეთის დაზვერვის ჩავარდნასთან დაკავშირებით, მოსკოვმა აკრძალა ყველა სახის იმპორტი საქართველოდან. ეს ემბარგო, რომელმაც ზიანი მოუტანა საქართველოს, მოიხსნა მხოლოდ 2012 წელს, როცა ქვეყნის სათავეში მოვიდა ქართული ოცნება.

 

2008 წლიდან მოყოლებული რუსეთის მტრული განწყობის გათვალისწინებით, ასევე მისი ამჟამინდელი სტრატეგიული მოქმედებების ფონზე, საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს NATO-ს წევრობისთვის.

 

მიუხედავად ამისა, ვაშინგტონი არ უწევს სათანადო მხარდაჭერას საქართველოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია თავისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ.

 

იმ დროს, როცა ვაშინგტონში მოვლენები ჩვეულ რიტმში ვითარდება, ჩვენი მოკავშირე საქართველო ითხოვს ჩვენს მეგობრობასა და დახმარებას.

 

ამერიკამ უნდა დააფასოს და სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიისადმი, 2012 და 2016 წლებში ღია და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ჩათვლით.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner