logo_geo
eng_logo
არჩილ ჩიქოვანი: სუპერთასის რიგი მატჩები ბათუმში გაიმართება
- +

15 ივლისი. 2022. 15:49

 

 

„ვულოცავ ჩვენს ქალაქსა და ქართული რაგბის დიდ ოჯახს უდიდეს წარმატებას - სარაგბო კლუბი „ბათუმი“ ევროპის რაგბის სუპერთასის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ვუსურვებ მათ გამარჯვებას“, - ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.

 

„აღსანიშნავია, რომ სუპერთასის რიგი მატჩები ბათუმის სარაგბო სტადიონზე გაიმართება.

 

როგორც მოგეხსენებათ, ბათუმს უკვე აქვს ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული და მსგავსი მნიშვნელობის ღონისძიებების გამართვა ჩვენი ქალაქის პოტენციალს კიდევ უფრო გააძლიერებს.

 

მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ მინდა ვაცნობო ჩვენს თანაქალაქელებს - არგენტინის ეროვნული ნაკრები გეგმავს მსოფლიო ჩემპიონატის წინ საწვრთნელი შეხვედრა ბათუმში ჩაატაროს. ბათუმისთვის, როგორც სპორტის ქალაქისთვის, ეს კიდევ ერთი უდიდესი წარმატება და აღიარებაა.

 

აღსანიშნავია, რომ ბათუმში, 10 ივლისს „ბორჯღალოსნებმა“ იტალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. აღნიშნულ მატჩზე, „ექვსი ერის ჩემპიონატში“ საქართველოს ჩართვაზე დაწერეს მსოფლიოს გავლენიანმა გამოცემებმა, როგორებიცაა: „Daily Mail“, „La Reppublica“, „La Gazzeta dello Sport“, „Rugby World“, „Rugbypass“.

 

სტატიებში ყურადღებაა გამახვილებული ბათუმში არსებულ მიმზიდველ გარემოზე და ბათუმზე, როგორც რაგბისთვის შესაფერის ქალაქზე. როგორც „Daily Mail“-ის კორესპონდენტი აღნიშნავს, ბათუმმა, რომელსაც შავი ზღვის ლას-ვეგასს ეძახიან, ბოლო ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და საგრძნობლად განვითარდა.

 

ევროპის სუპერთასის მატჩების ბათუმში ჩატარება კიდევ უფრო პოპულარულს გახდის ბათუმს, როგორც ტურისტულ რუკაზე, ისე სპორტული ტურიზმის თვალსაზრისით.

 

ბათუმის მერია განაგრძობს კლუბის მხარდაჭერას, რათა „ბათუმმა“ ევროტურნირებზე წარმატებით იასპარეზოს, ღირსეულად წარმოაჩინოს ქართული რაგბის სახელი საერთაშორისო მასშტაბით.

 

აქვე მადლობას ვუხდი საქართველოს რაგბის კავშირს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

ასევე განცხადებას ავრცელებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე.

 

„ვულოცავ „ბათუმს” დიდ აღიარებას, - რაგბიში ევროპის სუპერთასის ჩემპიონატზე მიწვევას, - ეს დიდი სიხარულია მთელი ქართული სარაგბო ოჯახისთვის, გულშემატკივრების, მედიის, მთავრობისა და რაგბის მეცენატის, ბიძინა ივანიშვილისთვის. მსხვილი სპორტული ტურნირების მასპინძლობით ბათუმი სპორტის დედაქალაქის სტატუსს იძენს რაც მის სარეკრეაციო, ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო მძლავრად წარმოაჩენს, - ამის დასტურია ისიც, რომ როგორც არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან მაცნობეს, აპირებენ, მსოფლიო ჩემპიონატის წინ საწვრთნელი შეკრება ბათუმში გაიარონ. აჭარას, მთლიანად საქართველოს, ყველას, ვისაც ქვეყნის წარმატება უხარია, ვულოცავ რაგბიში მიღწევებს, - ერთად დავდოთ ლელო ყველა ასპარეზზე“, - აცხადებს იოსებ ტყემალაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner