„ელჩის განცხადებას მე ვკითხულობ ისე, რომ ის ემიჯნება ნებისმიერ აქტს, რომელიც გულისხმობს ჩარევას სასამართლო ხელისუფლების საქმეებში,“ - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„საზოგადოებას მაინც რჩება გარკვეული უკმარისობის გრძნობა ამ საკითხთან დაკავშირებით. მოსამართლე ამბობს, რომ საელჩოს თანამშრომელმა მას მოსთხოვა ანგარიში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც კონსტიტუციით აკრძალული ქმედებაა. მეორე მხრივ, ელჩმა ბრძანა, რომ ზეწოლასთან და ჩარევასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. გარკვეული კითხვები ამ თემის ირგვლივ ალბათ მაინც რჩება. ამას სჭირდება მეტი სიცხადე, რასაც ალბათ ხელს შეუწყობდა პოზიციის დაფიქსირება. ელჩის განცხადებას მე ვკითხულობ ისე, რომ ის ემიჯნება ნებისმიერ აქტს, რომელიც გულისხმობს ჩარევას სასამართლო ხელისუფლების საქმეებში. გულწრფელად რომ გითხრათ, ცოტა არაკორექტულია ისეთი რამის დაბრალება, რომ ვიღაცამ თავს უფლება მისცა, პასუხი მოეთხოვა უცხო ქვეყნის მოსამართლის მხრიდან მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ჩვენთვის აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია. არაერთი წელია, ეს თანამშრომლობა წარმოადგენს საქართველოსთვის მთავარ განმსაზღვრელს ბევრი მიმართულებით. ამიტომ მე არ მგონია, რომ რაიმე დიდი დისონანსი გაჩნდეს, თუმცა არსებობს გარკვეული კითხვები და უმჯობესია, გაირკვეს ყველაფერი“, - აცხადებს სარჯველაძე.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.