წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი გამოეყოფა. შესაბამის განკარგულებას საქართველოს მთავრობა გამოსცემს და თანხა სტიქიის ფონდიდან გამოიყოფა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ივლისის ბოლოს უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რამდენიმე სოფელში დაზიანდა გზები, ხიდები, ნაპირსამაგრები და სანიაღვრე არხები. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხა, სწორედ ამ ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. შესაბამის განცხადებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია აკეთებს.
მისივე განმარტებით წალენჯიხას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ათვისების მხრივ დაბალი მაჩვენებელი აქვს, რისთვისაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შუამდგომლობით გადაწყდა, რომ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გასატარებლად თანხები პირველ რიგში ამ მუნიციპალიტეტს გამოეყოს.
„ვინაიდან წალენჯიხაში სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით დაბალი ტემპით მიმდინარეობს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების ათვისების პროცესი, ჩვენი შუამდგომლობით ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველ რიგში სწორედ ეს მუნიციპალიტეტი დაკმაყოფილდეს თანხებით, რომლებიც მათ უნდა მიმართონ სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის აღმოსაფხვრელად. თუმცა ჯერი ახლა უკვე მუნიციპალიტეტზეა, თუ რამდენად სწრაფად და ხარისხიან პროექტებს წარმოადგენენ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაერიცხოთ თანხები და დაიწყონ მუშაობა იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომლებიც სტიქიამ შექმნა“, - აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და იქვე წალენჯიხის მოსახლეობას მიმართავს: „მინდა მივმართო წალენჯიხის მოსახლეობას და ვუთხრა, რომ რწმუნებულის ადმინისტრაცია კვლავაც მზად არის, მუნიციპალიტეტს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოუჩინოს, გაუწიოს კონსულტაცია, რათა მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესები“.
წალენჯიხის მსგავსად სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხები გამოეყოფა რეგიონის იმ მუნიციპალიტეტებსაც, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.