პაატა ბურჭულაძის პარტიის ისნის #8 საარჩევნო ოლქის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ პინაიშვილი ბურჭულაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს, სადაც მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი აცხადებს, რომ მას თბილისში მაჟორიტარი კანდიდატები არ დაუსახელებია და საერთოდ „თვალით არ უნახავს" ზურაბ პინაიშვილი.
„თბილისში არავინ არ დაგვისახელებია, მისი სახელი და გვარი მე პირველად ტელევიზიით გავიგე და ის ემიჯნება ჩვენს გუნდს, თუმცა მე ის არ მინახავს თვალით", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
პინაიშვილი კი იმის დასადასტურებლად, რომ პაატა ბურჭულაძე მას ნამდვილად იცნობს, მასთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მის ყოფილ ლიდერს სიცრუეში ადანაშაულებს.
„დასანანია, რომ პაატა ბურჭულაძემ, რომელიც, როგორც უკვე ძალზე აშკარად გამოიკვეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" გაგრძელებაა, თავისი, „გირჩებით", ვაშაძეებით და კაციტაძეებით, იკადრა და საერთოდ უარყო ის ფაქტი, რომ მე მასთან რაიმე მაკავშირებდა. როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანი აცხადებდეს და არწმუნებდეს საზოგადოებას, რომ მათი კეთილდღეობისთვის მოდის ხელისუფლებაში. მე მოვუწოდებ ისედაც მცირედ შემორჩენილ მის მხარდამჭერ თანაპარტიელებს, რომ დროზე გაემიჯნონ ბურჭულაძეს, რადგან აშკარაა, რომ მათ უკან უკრაინელი დირიჟორი მიხეილ სააკაშვილი დგას", - განაცხადა პინაიშვილმა.
პაატა ბურჭულაძის პარტიის „სახელმწიფო ხალხისათვის" ისნის #8 საარჩევნო ოლქის აღმასრულებელმა მდივანმა და ამავე პარტიის ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ პინაიშვილმა ბურჭულაძის პარტია გუშინ დატოვა. მან აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ის, რომ პაატა ბურჭულაძე „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან აქტიურ კავშირშია და „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტ პარტიებთან ერთიანდება.
„მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ისნის #8 საარჩევნო ოლქის აღმასრულებელი მდივანი, არავის ჩაუყენებივარ საქმის კურსში „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტ პარტიებთან, „გირჩთან" და „ახალ საქართველოსთან" გაერთიანების შესახებ და არც აზრი უკითხავს არავის. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ავანტურასთან პაატა ბურჭულაძის სახით. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე მე და ჩემი თანაგუნდელები ვემიჯნებით „ნაციონალურ მოძრაობის" წევრებთან კავშირს და პაატა ბურჭულაძის მხრიდან თავისი პარტიის წევრების მიმართ უპასუხისმგებლო, დამამცირებელ და ავანტიურისტულ დამოკიდებულებას, რის გამოც ვტოვებ ჩემს გუნდთან ერთად აღნიშნულ პარტიას", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ზურაბ პინაიშვილი აცხადებს, მან პარტიაში 180-მდე ადამიანი მიიყვანა და მათ უმრავლესობას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, პარტიის დატოვების შესახებ.