საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თუშეთში, სოფელ ომალოში პოლიციის ახალი შენობა დაათვალიერა.
ომალოს პოლიციის შენობის მშენებლობა საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. შენობა სრულად შეესაბამება მაღალმთიანი რეგიონის პირობებს და აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
თუშეთში, სოფელ ომალოში პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი დანაყოფის შენობა არ არსებობდა. ტურისტულ სეზონზე, საჭიროების შემთხვევაში, მაშველების გამოძახება ახმეტის მუნიციპალიტეტში განთავსებული დანაყოფიდან ხდებოდა.
ახალ შენობაში პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. სამუშაო სივრცის გარდა, ომალოს პოლიციის შენობაში განთავსებულია დასაკითხი, ამოსაცნობი, იარაღის შესანახი და ნივთმტკიცების საცავი ოთახები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, ახმეტის მერი ალექსი ფიცხელაური, დეპუტატი დავით სონღულაშვილი, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ალადაშვილი და აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.