logo_geo
eng_logo
ლევან ალექსიძე: საქართველოს „უბლოკო სტატუსი“ მომაკვდინებელია საქართველოს დამოუკიდებლობისათვის
- +

19 აგვისტო. 2016. 18:46



„ფრთხილად, საქართველოს „უბლოკო სტატუსი", ისევე როგორც გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენა (განახლება), მომაკვდინებელია საქართველოს დამოუკიდებლობისათვის"


იურისტი ლევან ალექსიძე „უბლოკო სტატუსთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან ნინო ბურჯანაძის პარტია და „ცენტრისტები".


„დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება არ ჰგავს უბრალო წინასაარჩევნო კამპანიით ნაკარნახევ მოვლენებს. უკვე კარგა ხანია გამოიკვეთა, რომ საქმე გვაქვს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ხელახალი დაკარგვის საშიშროებასთან, რადგან ავანსცენაზე გამოსული პარტიები ღიად სთავაზობენ საქართველოს, ფარ-ხმალი დაყაროს და „მშვიდობიანად" ჩართონ ჩვენი ქვეყანა საბჭოთა კავშირის აღდგენის პუტინისეულ პროცესში.

 

განსაკუთრებით გამოირჩევიან ამ მხრივ ნინო ბურჯანაძის პარტია, ვალერი კვარაცხელიას თაოსნობით ჩამოყალიბებული „სოციალისტური საქართველოს მოძრაობა" და „ცენტრისტები", რომლის სახელით ლაპარაკობს ოდიოზური ფიგურა ბედუკაძე", - ამბობს ლევან ალექსიძე.


იურისტის განცხადებით, დასავლეთ ევროპულ და ატლანტიკურ ქვეყნებთან ინტეგრაციაში შეიძლება არსებობდეს საქართველოსთვის სავალალო მომავლის რეალური საფრთხე. აქვე ალექსიძე ბურჯანაძის მიერ წამოყენებული ინიციატივისადმი უნდობლობას განმარტავს.


„ამაზე შეიძლება არ გვესაუბრა - ჩვენ ვიცით ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება საქართველოს დასავლეთ ევროპულ და ატლანტიკურ ქვეყნებთან ინტეგრაციის მიმართ, მაგრამ ყველაფერ ამაში საქართველოსათვის სავალალო მომავლისათვის რეალური საფრთხეა, ამიტომ მოვალედ ვთლი თავს გავაცნო საზოგადოებას ჩემი მოსაზრება.

 

პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ ამა თუ იმ პოლიტიკური ინიციატივის ავ-კარგიანობის ანალიზის დროს, ავტორის (ავტორების) კვალიფიკაცია, პიროვნული სანდოობა და რაც მთავარია, რამდენად გამოადგება ეს საქართველოს აღდგენილი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და შემდგომ განვითარებას.

ამ მხრივ ზემოხსენებული პოლიტიკოსები ელემენტარულ კრიტიკას ვერ უძლებენ.

 

დამაფიქრებელი ისტორიული ფაქტები:


დავიწყებ ბურჯანაძით.

 

რატომ მეპარება ეჭვი ბურჯანაძის მიერ წამოყენებული ინიციატივის სანდოობაში?


როდესაც ვუყურებ და ვუსმენ ნინო ბურჯანაძეს, ჩემს თვალწინ დგება მისი გამოსვლა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან 2007 წლის 9 ნოემბერს, ანუ 2 დღით ადრე - 7 ნოემბერს პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტების უმოწყალო დარბევის შემდეგ. ყურებს არ დავუჯერე, რომ გავიგე შემდეგი „ისტორიული" შედარება:


„იმ ავბედით 7 ნოემბერს 1917 წლისა, დღეს უკვე წმინდანად შერაცხულ ნიკოლოზ II-ს რომ მეტი პოლიტიკური სიმტკიცე გამოეჩინა და შეიძლება, იმ წუთში ნაკლები ადამიანური კეთილშობილება, რა აჯობებდა რუსეთისათვის, და არა მარტო რუსეთისათვის, ნიკოლოზ II-ს მაშინდელ ადამიანურ სისუტეს... როგორც პოლიტიკურ სისუსტეს, მოჰყვა სისხლის მდინარეები კი არა - სისხლის ოკეანეები, ამიტომ არის პოლიტიკოსების ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ საკუთარი ნერვების, საკუთარი განცდების და ყველაფრის ფასად, რომ არ დაუშვა სისხლის მდინარეების დენა შენს ქვეყანაში, არ დაუშვა ის, რომ შენი ქვეყანა დადგეს ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ.

...მაგრამ ჩვენ დავდექით არჩევანის წინაშე, ან უნდა გადაგვერჩინა ეს ქვეყანა უმძიმესი საფრთხისაგან, სახელმწიფო გადატრიალებისაგან, ან უნდა გვეთქვა, რომ ჩვენ არ ვართ იმ პასუხიმგებლობისა და ნდობის ღირსი, რაც ხალხმა გამოგვიცხადა".


არაფერს ვიტყვი უხეშ შედარებაზე, რომელიც არ ეკადრებოდა ისეთ სპეციალისტს, როგორიც ნ.ბურჯანაძეა - 1917 წლის 7 ნოემბერს რუსეთში ნიკოლოზ II უკვე არ იყო ტახტზე, ის თებერვალში გადადგა  ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის შედეგად. 7 ნოემბერს დროებითი მთავრობის დამხობა მოხდა.

 

მაგრამ ნიკოლოზი არც ისე გულჩვილი იყო - 1905 წლის 9 იანვარს დემონსტრანტებს, რომლებსაც მღვდელი გაპონი მიუძღოდა, რომელმაც იცოდა, რა მოხდებოდა, სასაკლაოზე მიიყვანა ხალხი, დემონსტრანტებს ტყვიების ზუზუნი დაახვედრა. 130 კაცი ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე ასეული დაიჭრა, თვითონ გაპონი კი გაიქცა საზღვარგარეთ.

გაპონის ისტორია მაგონებს ბურჯანაძის 2008 წლის 25 მაისის დემონსტრაციის „გმირობას", რომლის მიზანი იყო, არ დაეშვა მეორე დღეს აღლუმის ჩატარება.


აცნობიერებდა ის თუ არა იმას, თუ რა მოუვიდოდათ იმ დემონსტრანტებს, რომლებიც საზღვარგარეთის ქვეყნებში გაბედავდნენ ეროვნული დღესასწაულის აღლუმის ჩატარების დაუშვებლობის მცდელობას (მაგალითად, აშშ-ში 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად პენსილვანია ავენიუზე დაგეგმილი აღლუმის ან საფრანგეთში 14 ივლისს ბასტილიის დაცემის დღეს ტრადიციული აღლუმის ჩაშლის მცდელობას)  და რა შედეგი მოჰყვებოდა მის გამომწვევ მოწოდებებსა და შეძახილებს ხელისუფლებისა და ძალოვანების მიმართ, „გაებედათ და დაეშალათ დემონსტრაცია".

 

შეადარეთ ეს პოზიცია 2007 წლის 9 ნოემბრის მის გამოსვლას, აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე ერთი წუთითაც არ ვამართლებდი არც 7 ნოემბრისა და არც 25 მაისის დარბევას (რის შესახებაც პირველ შემთხვევაში თვითონ ნინოსთან და შემდგომ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთან მქონდა საუბარი).

 

ამგვარად ბურჯანაძის პოზიციის სანდოობა ეჭვქვეშ დგება.



„უბლოკო სტატუსის" ბურჯანაძისიეული ინტერპრეტაცია და რეალობა


პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ტერმინი „უბლოკო" საერთაშორისო სამართალში არ არსებობს და ბურჯანაძემ, რომელიც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია და თავის დროზე, ჩემი დავალებით, ლექციებს კითხულობდა,  უნდა იცოდეს, რომ საერთაშორისო სამართალში არსებობს „ბლოკებს მიუმხრობელი" სახელმწიფო. ეს ტერმინი ჩამოყალიბდა 1960-იან წლებში კოლონიალიზმისაგან გათავისუფლებული სახელმწიფოების მიერ, რომლებიც გაერთიანდნენ ერთი ლოზუნგით: „არავითარი მონაწილეობა  ნატო-ს და ვარშავის ხელშეკრულების სამხედრო ბლოკებში". თუმცა სახელმწიფოები იტოვებდნენ უფლებას, შეექმნათ ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად მათი უსაფრთხოებისათვის სხვა სამხედრო გაერთიანებები.

 

„ცივი ომის" დამთავრების შემდეგ, ეს მოძრაობა დაიშალა და მიუმხრობლობამ დაკარგა თავისი აქტუალობა, თუმცა, ზოგიერთი სახელმწიფო ევროპის ჩრდილოეთში ამ ტერმინს (ნონ-ალიგნედ) ხმარობდა და ხმარობს, თუმცა მისი შინაარსი აბსოლუტურად განსხვავდება ბურჯანაძისეული ინტეპრეტაციისაგან.


ბურჯანაძეს მაგალითისათვის მოჰყავს ფინეთი, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინათ ბლოკებს მიუმხრობელი სტატუსით მოქმედებდა, მაგრამ დღეს საკმარისია გაეცნოთ ნებისმიერ ინფორმაციას ნატო-ფინეთის ურთიერთობაზე, მეტიც, შეკითხვაზე: „თუ ნიშნავს „უბლოკო" სახელმწიფო იმას, რომ არ უნდა შევუერთდეთ ევროკავშირს?", ბურჯანაძე პასუხობს, რომ ევროკავშირი ეკონომიკური გაერთიანებაა და არაფერი აქვს საერთო ბლოკებთან. მაგრამ არსებული ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებს:

 

1. ფინეთი აქტიურად თანამშრომლობს ნატოს ყველა პროგრამაში, რომელიც მის უსაფრთხოებას უკავშირდება, მონაწილეობს ნატოს ჯარების წვრთნებში, პატრულირებს ბალტიის ზღვის თავზე ნატოს თვითმფრინავებთან ერთად „რეგიონის რუსეთის მხრიდან ყოველგვარი სამხედრო პროვოკაციის აღკვეთის მიზნით".

2. ევროკავშირი დღეს პრინციპულად განსხვავდება იმ პერიოდისაგან, როდესაც ის იყო წმინდა ეკონომიკური გაერთიანება. მომდევნო წლებში და განსაკუთრებით, ლისაბონის ხელშეკრულების დადების შემდეგ, ეს კავშირი განმტკიცდა, როგორც სახელმწიფოთა გაერთიანება, რომელსაც გააჩნია სპეციალური ორგანო ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებისათვის.


3. აღსანიშნავია, რომ კრიზისული მართვის სიტუაციაში ნატოსა და ევროკავშირის ძალებს უფლება აქვთ გამოიყენონ ფინეთის ტერიტორია ოპერაციების ჩასატარებლად. ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ერთი რამ ცხადია, ფინეთი აქტიურად თანამშრომლობს და მონაწილეობს ნატოს და ევროკავშირის ყველა სამშვიდობო მისიაში და რეგიონის უსაფრთხოების დაცვაში. სწორედ ამიტომ „უბლოკო" ფინეთი, მიუხედავად თავისი დრომოჭმული სტატუსისა, ასე აქტიურად თანამშრომლობს ნატოსთან და ევროკავშირთან, სწორედ სამხედრო სფეროში.

 

ამგვარად ბურჯანაძისეული საქართველოს „უბლოკო" სტატუსის შესახებ, რაც საქართველოს რუსეთის პირისპირ დატოვებას ნიშნავს იმ პირობით, რომ რუსეთი გაიყვანს თავის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება - ჩააბაროს მთელი ქვეყანა რუსეთის ნეობოლშევიკურ ხელისუფლებას.

 

ბურჯანაძე და სამწუხაროდ, უმრავლესობის ზოგიერთი აწმყო თუ ყოფილი წარმომადგენელი (თოფაძე, ტყემალაძე, მეჭიაური და სხვანი) ცინიკურად აცხადებენ, რომ ამაოდ ვცდილობთ ნატოში გაწევრიანებას, რადგან ნატოს არ სურს  ჩვენი მიღება. მათ ავიწყდებათ ერთი რამ, რომ ნატოში გაერთიანება, ეს პროცესია და ნატოსთან ამ თანამშრომლობით საქართველო იმდენ სარგებელს იღებს თავისი შეიარაღებული ძალების გაძლიერებისათვის, რაც შეუძლებელი იქნებოდა რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენის შემთხვევაში. ანუ იმ სახელმწიფოს წინაშე, რომელიც არ მალავს თავის აგრესიულ ზრახვებს და მთელი საქართველოს ოკუპაციისათვის ხელსაყრელ მომენტს ელოდება", - ამბობს ლევან ალექსიძე.


ლევან ალექსიძე საუბრობს საერთო ნიშნებზე ბურჯანაძის ინიციატივას „უბლოკო სტატუსთან" და კვარაცხელიასა და ბედუკაძის მოწოდებებთან დაკავშირებით.

 

„რა საერთოა ნინო ბურჯანაძის ინიციატივას საქართველოს „უბლოკო სტატუსსა" და კვარაცხელიასა და ბედუკაძის მოწოდებებს შორის?


თუ ბურჯანაძე ცდილობს, მეტ-ნაკლებად შენიღბოს თავისი ნამდვილი მიზნები, ვალერი კვარაცხელიას აქტიური მონაწილეობით შექმნილი „სოციალისტური მოძრაობა" და ბედუკაძის „ცენტრისტები" პირდაპირ, ცინიკურად, ვიტყოდი, აგრესიულად და მუქარით უყენებენ ქართველ საზოგადოებას ულტიმატუმს - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა დაბრუნდეს რუსეთის მართველობა. აი, რას ამბობს კვარაცხელია თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში: „არათუ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, არამედ საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც უნდა განთავსდეს რუსეთის სამხედრო ბაზები - იგივე ბათუმში, სამცხე-ჯავახეთში, თბილისთან ახლოს ვაზიანში და ა. შ. ეს იქნება საქართველოს გამთლიანების დასაწყისი".


აღარაფერს ვამბობ „სოციალისტური საქართველოს" ბოდვებზე, რომელსაც კვარაცხელია თაოსნობს: აღსდგეს ან განახლდეს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი, რაც არის თურმე ერთადერთი გამოსავალი საქართველოს საზოგადოებრიობის გადარჩენისათვის.

 

მე არ მინდა დეტალურად შევეხო ამ აბსურდულ მოსაზრებებს. ამაზე მე მონოგრაფიები მაქვს დაწერილი. ალბათ, როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატზე საუბრობ, უნდა იცოდე მისი შინაარსი. მიუხედავად იმისა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი იყო ერეკლე II-ის ბრწყინვალე დიპლომატიური წარმატება, იმ დროისათვის, როდესაც ქართლ-კახეთი ირანისა და თურქეთის, ასევე მთიელთა (ლეკების) შემოსევების მსხვერპლი იყო, ტრაქტატით რუსეთი ჰპირდებოდა მფარველობას. ეს იყო ჩვენი ქვეყნის (ქართლ-კახეთის) რუსეთის იმპერიისათვის დაქვემდებარების, იმპერატორის უზენაესობის აღიარების, ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვის ფასად. მას აღარ შეეძლო საგარეო ურთიერთობების დამოუკიდებლად წარმოება და რჩებოდა მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი მხოლოდ საშინაო საქმეებში. პრაქტიკულად ყველაფერს წყვეტდა იმპერიის კავკასიის ხაზის მთავარსარდალი.

იმდროინდელი საერთაშორისო სამართლის მიხედვით „სუსტ" ქვეყანას შეეძლო შესულიყო ძლიერი სახელმწიფოს მფარველობაში თავისი სუვერენიტეტის სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვით, ან ინკორპორაციის სახით. სწორედ პირველ კატეგორიას მიეკუთვნება გეორგიევსკის ტრაქტატი - ის უტოვებდა საქართველოს ნაწილობრივ სუვერენიტეტს და მიწა-წყალი (ქართლ-კახეთი) რჩებოდა ერეკლეს მფლობელობაში.


მოგვიანებით ქართლ-კახეთში სამეფო ტახტის დაკავებისათვის ბრძოლამ ისე დაასუსტა საქართველო, რომ რუსეთმა იოლად „ჩაყლაპა" და მოახდინა მისი ანექსია, რამაც გამოიწვია ტრაქტატის არსებობის შეწყვეტა.

 

საინტერესოა, რა სახის ხელშეკრულება უნდა განახლდეს დღევანდელ დღეს ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რომლის ხელებზეც ჯერაც არ შემშრალა ქართული სისხლი?

ისიც კი გაისმის, რომ საქართველომ რუსეთთან უნდა დადოს ისეთივე ხელშეკრულება, როგორიც რუსეთმა დადო აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან".



ამგვარად, ნეობოლშევიკები გამოძვრნენ საქართველოში იატაკქვეშეთიდან და ღიად ქადაგებენ რუსეთთან საბჭოთა კავშირზე უარეს კავშირს, რასაც ერთი მიზნი აქვს - მოწყვიტონ საქართველო ცივილიზებულ, ევროპულ ფასეულობებს, გააშიშვლონ ერი კბილებამდე შეიარაღებული მტრის წინაშე, რომელიც 1921 წლიდან სვამდა ჩვენს სისხლს და აგრძელებს ამ პოლიტიკას.

 

ასე გამოვიდნენ კომუნისტები იატაკქვეშეთიდან, რასაც ითვალისწინებდა საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, და რაც გამოიყენა რუსეთმა ინტერვენციის საბაბად, თითქოს-და ჟორდანიას მთავრობა ცდილობდა ჩაეხშო კომუნისტების (ხალხის) აჯანყება.

 

ნებსით თუ უნებლიეთ, ბურჯანაძისა და კვარაცხელიას დღევანდელი ვიზიტები მოსკოვში კიდევ ერთი ღია კოლობორაციონალიზმის ნათელი მაგალითია, რასაც მე მრავალი წლის განმავლობაში ვამბობდი და ვწერდი.


საფრთხეები, რომელთა მოგვარებას მთელი საქართველოს დარაზმვას მოითხოვს


მე ბევრ რამეში შეიძლება არ ვეთანხმებოდე დღევანდელი ხელისუფლების საშინაო პოლიტიკას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ნატოსთან და ევროკავშირთან შეუჩერებელი ინტეგრაციების პროცესი და ევროპისაკენ სწრაფვა ყველაზე ნაკლები კრიტიკის ღირსია. რაც გაკეთდა ბოლო წელიწადნახევარში, განსაკუთრებით მისასალმებელია, თუმცა, ალბათ უფრო ინტენსიური პოლიტიკა გვმართებს ამ მიმართულებით.

 

სწორედ ეს იწვევს პრორუსული ძალების ასეთ აღვირახსნილ ქმედებებს და ხელისუფლებაში მოსვლით ცდილობენ ამ იდეების განხორციელებას.

 

„პუტინისტების" ფაცი-ფუცი არ არის უბრალო პოლიტიკური თამაში საარჩევნო პროცესში, ეს მოძრაობები საქართველოს დამოუკიდებლობის ლიკვიდაციას უქადის.


ამგვარად, აშკარაა, რომ პუტინისტების „ფაცი-ფუცი" თავისთავად არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს - ქართველი საზოგადოება მკვეთრად ემხრობა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს, მაგრამ ეს „ფაცი-ფუცი" და პუტინისტების ლოზუნგები და შესაძლო დემონსტრაციები და სხვა ქმედებები, ისევე როგორც 1921 წლის თებერვალ-მარტში, რუსეთის მხრიდან საქართველოს მთელი ტერიტორიის ოკუპაცია და ანექსია მოხდეს „ხალხის ჩაგვრის შეჩერების" მიზნით, ისევე როგორც „ოსების და აფხაზების გადარჩენის" მიზნით, შემოიჭრა რუსეთის ჯარები 2008 წლის აგვისტოში.

 

დარწმუნებული ვარ ქართველი საზოგადოება სათანადო დასკვნებს გააკეთებს", - აცხადებს ლევან ალექსიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner