„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გამოვეხმაუროთ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინელი ხალხის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ინფორმაცია ვრცელდება არასწორად და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას“, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„როგორც იცით, თბილისის მერიამ რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღეებში აამოქმედა სპეციალური პროგრამა - საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც მოგვმართავს საცხოვრებლით უზრუნველყოფის თხოვნით, დედაქალაქის მერია ათავსებს სხვადასხვა სასტუმროში, სამჯერადი კვებით.
პროგრამის ფარგლებში, თბილისმა უკვე უმასპინძლა 5 100-ზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 2 300 ადამიანზე მეტი დღესაც, დედაქალაქის 40-მდე სასტუმროში გვყავს დაბინავებული. ამ მიზნით, ბიუჯეტიდან ჯამურად დაიხარჯა 11 მლნ. ლარი, ხოლო თვის ბოლოს თანხა მიაღწევს, დაახლოებით, 14 მლნ ლარს.
აღნიშნული პროგრამა თბილისის მერიამ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 1 აგვისტომდე გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის #1254 განკარგულების შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები ამა წლის 15 ივლისიდან მიიღებენ ფულად დახმარებას - ოჯახზე 300 ლარს და დამატებით სულზე 45 ლარს. ამას გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები (World Vision და UNHCR) განიხილავენ სულზე 235-ლარიან დახმარების პაკეტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის 31 ივლისს, თბილისის მერია მიმდინარე პროგრამას შეწყვეტს“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.