„დიდი ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავები და ავიაცია მზად არიან საბრძოლველად, თუ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სამხედრო ძალები საფრთხეს შეუქმნიან ბრიტანეთს ან მის მოკავშირეებს“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა მაიკ უიგსტონმა განაცხადა.
Sky News-ის შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, რომ სამეფო საჰაერო ძალები რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირ კონფლიქტში ჩაერთონ? ბრიტანეთის საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა მაიკ უიგსტონმა შემდეგნაირად უპასუხა:
„ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ეს, ჩემი აზრით, ევროპული უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რასაც უკრაინაზე თავდასხმისგან ვიღებთ“.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ მოსკოვი მზარდად აგრესიული ხდება.
უიგსტონის აზრით, რუსეთი ევროპისა და ბრიტანეთის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეა.
„ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი გაერთიანებული სამეფოსა და ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მწვავე საფრთხეა, შეხედეთ მის ქცევას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ აქამდე საქართველოშიც“, - აღნიშნა უიგსტონმა.
სამეფო საჰაერო ძალების მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ თუ დადგება დღე, როცა რუსეთი ნატოს წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებას გადაწყვეტს, ბრიტანეთი ამისთვის მზად იქნება.
„ასე რომ, მზად უნდა ვიყოთ ნატოს მოკავშირეების გვერდზე დასადგომად და ნატოს ტერიტორიის დასაცავად, არამხოლოდ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიის. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ცხადი და ამჟამინდელი საფრთხეა მზადყოფნისთვისაც ვვარჯიშობთ. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ საქმე აქამდე არ მივა და შეკავება იმოქმედებს, მაგრამ თუ დადგება დღე, როცა რუსეთი ნატოს ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს, ჩვენ მზად ვიქნებით“, - დასძინა დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა.