„უკრაინის ომი გვიჩვენებს, რომ დასავლეთის დომინირება დასასრულს უახლოვდება, პარალელურად კი რუსეთთან პარტნიორობით ჩინეთი ძლიერდება“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა.
ბლერის თქმით, მსოფლიო ისტორიის გარდამტეხ მომენტში იმყოფება, რაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებასთან ან საბჭოთა კავშირის დაშლასთან შეგვიძლია შევადაროთ. თუმცა, ბლერის განმარტებით, ამჯერად დასავლეთი აშკარად არ არის კარგ პოზიციაში.
„ჩვენ ვუახლოვდებით დასავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური დომინირების დასასრულს. მსოფლიო იქნება სულ მცირე ბიპოლარული და შესაძლოა, მრავალპოლარული. ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები მოხდება ჩინეთის მხრიდან და არა რუსეთიდან“, - განაცხადა ბლერმა.
ტონი ბლერი თვლის, რომ ჩინეთი საბჭოთა კავშირი არ არის და ჩინეთის სუპერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ბუნებრივი და გამართლებულია. მისი თქმით, დასავლეთმა არ უნდა მისცეს ჩინეთს სამხედრო კუთხით დაწინაურების საშუალება.
„ჩვენ უნდა გავზარდოთ სამხედრო ხარჯები და შევინარჩუნოთ სამხედრო უპირატესობა. აშშ-სა და მის მოკავშირეებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი უპირატესობა, ყველა მხარეში ნებისმიერი კონფლიქტის აღმოცენების შემთხვევაში“, - განაცხადა ბლერმა.