იტალიის ბიზნესის, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და პროფკავშირების წარმომადგენლები მარიო დრაგის მოუწოდებენ, არ დატოვოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, იტალიის რამდენიმე ქალაქის მერმა, ასევე ბიზნესასოციაციის და პროფკავშირების წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც სთხოვენ იტალიის პრემიერ-მინისტრს მარიო დრაგის, გადახედოს გადადგომის გადაწყვეტილებას, რადგან შიშობენ, რომ მისი გადადგომა ზიანის მომტანი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.
მიმართვას ხელს აწერს იტალიის 110 ქალაქის, მათ შრის 10 უდიდესი აგლომერაციის მერი.
„ჩვენ, მერები, რომლებსაც ყოველდღიურად გვიწევს იმ პრობლემების მართვა და გადაჭრა, რომლებიც ეხება ჩვენს მოქალაქეებს, ვთხოვთ მარიო დრაგის, არ გადადგეს და პარლამენტს მიაწოდოს დამაჯერებელი მიზეზები, თუ რატომ უნდა გააგრძელოს მთავრობამ ფუნქციონირება“, – ნათქვამია მიმართვაში.
როგორც მედია წერს, მსგავსი მიმართვა გაჟღერდა სამრეწველო, ფერმერული და სავაჭრო კავშირების მხრიდანაც. იტალიის უმსხვილესი პროფკავშირის CGIL-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყნისთვის მთავარი სტაბილურობაა, ხოლო ამჟამინდელ მთავრობას არ დაუკარგავს ნდობა იტალიის მოსახლეობაში.
„როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მარიო დრაგი არ აპირებს რაიმე სახის ულტიმატუმების შესრულებას და კვლავ გადადგომა აქვს გადაწყვეტილი. პრემიერი 20 ივლისს წარდგება პარლამენტის წინაშე, სადაც მისი თანამდებობაზე დარჩენის საკითხი გადაწყდება.
გასულ ოთხშაბათს, იტალიის პრეზიდენტმა უარი განაცხადა დაეკმაყოფილებინა იტალიის პრემიერის განცხადება გადადგომის შესახებ.
როგორც მედია წერს, იტალიის კოალიციური მთავრობა დაშლის პირას აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“ უარი განაცხადა ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობაზე, ათასობით კომპანიისა და ოჯახისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის კანონპროექტის მიღების შესახებ.