„ძალიან კარგად მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ ზეწოლა ავტომატურად არ გულისხმობს იმას, რომ ზეწოლა ხელისუფლებიდან ხდება“, - ამის შესახებ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მოსამართლემ განმარტება გააკეთა მის განცხადებაზე, რომ ოჯახზე ზეწოლა ხორციელდება.
მისი თქმით, ზეწოლა შესაძლოა მოდიოდეს ნებისმიერი პირისგან, ოპოზიციური სპექტრისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციიდან.
„არ არის დასამალი, რომ არაერთი გახმაურებული საქმე განმიხილავს სხვადასხვა პერიოდში და მუდმივად თან სდევდა ამ პროცესებს როგორც განხილვამდე, ასევე განხილვის შემდეგ სხვადასხვა სოციალურ ქსელში ჩემი შვილების ბოლო სიტყვებით ლანძღვა-გინების, ზეწოლისა და მუქარის შემთხვევები და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ, ჩავთვალე, ჩემი კოლეგებისთვის სააპელაციოში განმეცხადებინა სოლიდარობა, არ აჰყვნენ ასეთ მოცემულობასა და მაქსიმალურად, გადაწყვეტილება მიიღონ მხოლოდ კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად“, - განაცხადა ჩხიკვაძემ.