„რუსეთი აგრძელებს საკვების იარაღად გამოყენებას.რუსეთი აგრძელებს უკრაინის ქალაქების დაბომბვას. რუსეთი აგრძელებს უკრაინული პორტების დაბლოკვას. რუსეთი წვავს უკრაინულს ხორბალს. ეს არის ტრაგედია,“ - ამის შესახებ ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გააგრძელებს.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება და გავზარდოთ უკრაინის იარაღით მომარაგება. დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრები მიაღწევენ პოლიტიკურ შეთანხმებას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთმა შეიძლება გაზი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს. ვიცით რომ რუსეთმა შეიძლება ენერგორესურსები ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენოს და უკვე აკეთებს კიდეც ამას მარაგების მოწოდების შემცირებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინის დახმარების შეწყვეტას ან შემცირებას, არ ვაპირებთ სანქციებზე უარის თქმას. დიახ, არის რისკები გაზით მომარაგების შეწყვეტის და ევროკომისია ამზადებს გეგმებს ნებისმიერ სცენართან ადაპტაციისთვის. სანქციები აზარალებს რუსულ ეკონომიკას და ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. რუსეთი უკვე ძალიან დიდ ფასს იხდის საომარი მოქმედებების წარმოების გამო. სანქციები ერთია და რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ ენერგორესურსების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება სხვა საკითხია. ჩვენ მტკიცედ ვაგრძელებთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების იმპლემენტაციას და უნდა გვქონდეს სტრატეგიული მოთმინება. ვხედავთ ყველა, რომ ყველაფერი ერთ დღეში ვერ დასრულდება, ვერ დასრულდება ვერც ერთ თვეში. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ შეზღუდვების სრულყოფილად აღსრულებას. სანქციების მხოლოდ გამოცხადება არ არის საკმარისი. სანქციებს აღსრულება სჭირდება და ეს უმნიშვნელოვანესი საქმეა“, - განაცხადა ბორელმა.