სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“ გამოკითხვაზე დაიბარეს. ის უწყებაში ისე შევიდა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. „უცნობი“ საგამოძიებო სამსახურში, „მთავარი არხის“ თანამშრომლების მოსმენების საქმეზე დაიბარეს.
„გამოძიებას კითხვები ჩანაწერთან დაკავშირებით ჰქონდა. გია გაჩეჩილაძემ კანონით მინიჭებული, წყაროს არგამჟღავნების უფლება გამოიყენა. კითხვები იყო: როდის? სად? ვის მიერ? როგორ? რა ფორმით? აქედან გამომდინარე, იყო პასუხი, რომ „გამომდინარე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის I ნაწილის „თ“ ქვეპუნქტიდან, ის უფლებამოსილია, ამასთან დაკავშირებით, ჩვენება არ მისცეს“, - განაცხადა გაჩეჩილაძის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.
გია გაჩეჩილაძემ აუდიოჩანაწერები 13 ივლისს გაასაჯაროვა. აუდიოჩანაწერში გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ ჟურნალისტებისა და პროდიუსერის საუბარი და გადაცემის დაგეგმვის პროცესი ისმის. მათი საუბარი სავარაუდოდ, 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში ჩაიწერეს, სწორედ ამ დროს არის გასული ის რეპორტაჟი, რომლის შესახებაც ისინი, ჩანაწერში მსჯელობენ.