„თურქეთი გაყინავს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, თუ სკანდინავიური ქვეყნები არ შეასრულებენ დაპირებებს კონტრტერორიზმის შესახებ“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა და დასძინა, რომ შვედეთის შემთხვევაში არსებული სურათი კარგად არ გამოიყურება.
„კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ თუ ეს ქვეყნები არ გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ჩვენ გავყინავთ პროცესს. რას ამბობს მთავარი ოპოზიცია ან სხვა პატარა ოპოზიცია ამა თუ იმ უცნაურ საკითხზე – ჩვენ არ გვეხება, ვიდრე ვართ ამ ქვეყნის მმართველი პარტია. ჩვენ ვხედავთ, რომ განსაკუთრებით შვედეთი არ ავლენს კარგ სურათს. როგორც თურქეთის, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია“, – აღნიშნა ერდოღანმა.
ცნობისთვის, 18 მაისს ფინეთმა და შვედეთმა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე განაცხადი წარუდგინეს. 29 ივნისს კი ნატოს ქვეყნებმა ოფიციალურად მიიწვიეს შვედეთი და ფინეთი ალიანსში გასაწევრიანებლად.