ავიაკომპანია „Georgian Airlines Group“ ავიაპარკს აფართოებს. „Georgian Airlines“-მა და მისმა პარტნიორმა ავიაკომპანია „Aircompany Armenia“-მ „737-800 Boeing Converted Freighter (BCF)“-ის სამი ავიახომალდის შეკვეთა განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ ავიაკომპანია „Georgia Airlines Group“-ის პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა და „Boeing Global Services“-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფანი პოპმა დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ავიაგამოფენა „Farnborough International Airshow“-ზე განაცხადეს.
როგორც ავიაკომპანია „Georgian Airlines Group“-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, შესყიდვის მიზანია კავკასიის რეგიონში საჰაერო გადაზიდვებისთვის შესაბამისი სპეციალიზირებული სატვირთო თვითმფრინავების დამატება.
„ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ რეგიონში ტვირთების საჰაერო გადაზიდვებისთვის ვამატებთ სამ „737-800 Boeing Converted Freighter“-ს. „737-800BCF“-ს აქვს მეტი დატვირთვის და დიაპაზონის შესაძლებლობა და შეუძლია გადაიტანოს, როგორც ელექტრონული კომერციის ტვირთები, ასევე ზოგადი ტვირთი“, - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.
„Boeing Global Services“-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის სტეფანი პოპის თქმით, კავკასიის რეგიონში, საჰაერო ტვირთებზე მზარდი მოთხოვნაა და კომპანია სატვირთო ოპერაციების გაფართოებას მხარს უჭერს.
„მოხარულნი ვართ, რომ ავიაკომპანიებმა „Georgian Airlines“-მა და „Armenia“-მ შეარჩიეს „737-800BCF“, რათა დააკმაყოფილონ მზარდი მოთხოვნა საჰაერო ტვირთზე იმ ბაზრებზე, რომლებსაც ისინი ემსახურებიან და გვაქვს პატივი, გავაგრძელოთ მათი სატვირთო ოპერაციების გაფართოების მხარდაჭერა“, - განაცხადა სტეფანი პოპმა.
შემდგომი „Boeing 737-800BCF“ ავიაკომპანიას მომავალ წელს შეემატება, ავიაპარკი სრულად 2024 წლამდე შეივსება. ახალი სატვირთო ხომალდებით სატვირთო გადაზიდვებს „Georgian Airlines“ განახორციელებს, რომელიც ერთი „Boeing 737-800BCF“ თვითმფრინავით უკვე ოპერირებს, ხოლო მეორე „B737SF“-ია.
„Boeing 737-800BCF“ სატვირთო ხომალდს მეტი დატვირთვის შესაძლებლობა აქვს - 23,9 ტონამდე და ფრენებს უფრო შორ მანძილზე ახორციელებს - 3,750 კმ. „Georgian Airlines Group“ 2025 წლისთვის გეგმავს ფლოტის რაოდენობის გაზრდას 10 საჰაერო ხომალდამდე.