ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, გაიმართა პარაპლანით ფრენის ღონისძიება, რომლის მონაწილეებმაც, სპორტის ექსტრემალურ სახეობაში, კერძოდ პარაგლაიდინგში მოსინჯეს საკუთარი ძალები და პატარა ლილოს მთიდან პარაპლანით გადმოხტნენ. წელს, სხვა წლებთან შედარებით, ღონისძიებაში, ყველაზე მეტმა - 80-მა ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა. პარასპორტსმენებმა, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, საკუთარი ოცნება აიხდინეს, მოირგეს პარაპლანი და თბილისის ზღვას გადაუფრინეს. მონაწილეთა შორის იყვნენ ტოტალურად უსინათლო, სმენის არმქონე, ამპუტანტი და ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პირები, რომლებმაც სპეციალური ეტლიკონსტრუქციით იფრინეს. როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, მათი ცხოვრება, ამ დღემ, მართლაც უკეთესობისკენ შეცვალა. „დაუვიწყარი და ემოციებით სავსე დღეები!“ – ასე აფასებენ პარაპლანით ფრენის აქტივობას მონაწილეები, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდნენ ამ დღეს.
2013 წლიდან დღემდე, ექსტრემალური სპორტის ამ სახეობაში, 500-მდე შშმ პირს, სამხედრო მოსამსახურეს თუ ომის ვეტერანს აქვს მონაწილეობა მიღებული, საკუთრივ ეს პროექტი, სპორტულ-კულტურული აქტივობების ირგვლივ, საქართველოს მასშტაბით, ყოველწლიურად, 500-ზე მეტ შშმ პირს, დაჭრილ ჯარისკაცსა და ვეტერანს აერთიანებს. პროექტის გენერალური სპონსორია „აჭარაბეთი“, ხოლო სპონსორი - „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“.
ახალგაზრდული მედიაკავშირის თავმჯდომარის, ხატია გავაშელის განცხადებით, პროექტის განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს მიერ რატიფიცირებული გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციასა და შშმ პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევას.