logo_geo
eng_logo
რატომ მოიტყუა ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ვატო წერეთელმა
- +

19 ივლისი. 2022. 23:05

 

 

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტს იხსენებს. როგორც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში წერეთელი ამბობს, ანრი ოხანაშვილს ინციდენტის დღეს ტელეკომპანიის დაღუპულ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე უთხრა, რომ მისი სიკვდილი მათ კისერზეა:

 

„სწორედ ლექსო ლაშქარავას საქმეზე იყო ანრი ოხანაშვილისთვის ის ყურში გადაჩურჩულება. მე მივეცი დღეს ჩვენება. ანრი ოხანაშვილი მე ვნახე, მოდიოდა ლექსო ლაშქარავას წლისთავი, ჩვენ ამაზე სულ ვლაპარაკობთ. მე ვუთხარი მას, ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზე კიდია-მეთქი და მართლა ამ ახალგაზრდა ბიჭის სიკვდილი ირაკლი ღარიბაშვილის და იმ პარლამენტის კისერზეა“, – ამბობს ვატო წერეთელი.

 

ინციდენტი, რომელზეც წერეთელი საუბრობს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე მოხდა. ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. მისი თქმით, შემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა:

 

„ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ქართული ოცნების დეპუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ. მივმართავ კელი დეგნანს, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური გასწორება ადამიანის წინააღმდეგ, ჩემ წინააღმდეგ. კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები, მიეცით მედიას კადრები, თუ როგორ უსწორდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები ადამიანს“, – აცხადებდა ვატო წერეთელი.

 

„ჩემკენ დაიძრა ანრი ოხანაშვილი, რომელსაც მოჰყვა [ირაკლი] ზარქუა, ასევე, ბექა ოდიშარია და მგალობლიშვილი. მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები. ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას მოგიწყობს, ხომ თავი უნდა მოიკლა…ხელი მომიქნია სახეში, მერე სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი, სახეში მომხვდა ორივე“, – იხსენებს ვატო წერეთელი და ამბობს, რომ ელჩი „ალბათ 50 მეტრში იყო“.

 

წერეთელი ამბობდა, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, რაღაც მომენტში კი მას ესროლეს ჭიქაც. თავად ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ წერეთელმა პროვოკაცია მოუწყო და მან „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა”.

 

პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით (ძალადობისა და მუქარის) დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ ვატო წერეთლის გარდა პროკურატურას ანრი ოხანაშვილმაც მიმართა, რომელიც წერეთელს მუქარაში ადანაშაულებს. ამასთან, უწყების განცხადებით პროკურატურას ასევე მიმართა პარლამენტის წევრმა, ლევან მგალობლიშვილმა, რომელიც მის მიმართ ძალადობაში წერეთელს ადანაშაულებს.

 

თავად ვატო წერეთელი მისი მხრიდან ყოველგვარ ძალადობას და მუქარას უარყოფს და საელჩოს ტერიტორაზე განთავსებული კამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner