თურქული კომპანია „ბაირაქტარის“ აღმასრულებელი დირექტორი ჰალუკ ბაირაქტარი აცხადებს, რომ უპილოტო საფრენ აპარატებს რუსეთს არასდროს არ მიაწვდის.
CNN-თან ინტერვიუში ბაირაქტარმა აღნიშნა, რომ უკრაინა ძალიან მძიმე აგრესიის და არაპროპორციული თავდასხმების ქვეშაა.
„ჩვენ მათთვის [რუსებისთვის] არაფერი მიგვიწოდებია და ასეთ რამეს არასოდეს გავაკეთებთ, რადგან მხარს ვუჭერთ უკრაინას, მხარს ვუჭერთ მის სუვერენიტეტს, მის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის.
ვამაყობ, რომ „ბაირაქტარი“ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგობის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინამ „ბაირაქტარისგან“ ომის დაწყების შემდეგ, ჯამში 50 უპილოტო საფრენი აპარატი მიიღო.
ჰალუკ ბაირაქტარის მამამ კომპანია „ბაირაქტარი“ 1980-იან წლებში დააარსა. ჰალუკი კომპანიას თავის ძმასთან, სელჩუკ ბაირაქტართან, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძესთან ერთად მართავს.
„ბაირაქტარის“ უპილოტო საფრენ აპარატს ჰაერში 27 საათის განმავლობაში ყოფნა და მაქსიმუმ 7 620 მეტრის სიმაღლეზე აფრენა შეუძლია.