ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ისევ ინარჩუნებს ადგილს უმაღლეს საფეხურზე – პირველ კალათაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნებს და, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, განაგრძობს მტკიცე და მდგრად ძალისხმევას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შეფასებულ ქვეყნებს შორის საქართველო მსოფლიოში იმ საუკეთესო 30 სახელმწიფოს შორისაა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებენ თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით.
ამ მონაცემით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს (ბულგარეთი, ხორვატია, დანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, მალტა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი) და წელსაც ერთადერთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი), რომელიც პირველ კალათაში იკავებს ადგილს.
2022 წელს საქართველოს პროკურატურაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) და შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ეროვნული სიმულაციური ტრენინგები დაიწყო. სწავლება ხორციელდება პროექტის „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: უწყებათაშორისი თანამშრომლობის მდგრადობა ეროვნული სიმულაციური ტრენინგის განხორციელების გზით“ ფარგლებში, რომლის მიზანს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და პროფესიონალთა გადამზადება წარმოადგენს.
საქართველო მოწინავე სახელმწიფოა რეგიონში, სადაც აღნიშნული სასწავლო კურსი ინერგება. პროექტის განხორციელება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტულობას ქვეყანაში და საქართველოს უწყვეტ ძალისხმევას აღნიშნული მიმართულებით.
ასევე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომუშავე პროკურორების, მოსამართლეებისა და გამომძიებლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, პროკურორებმა, მოსამართლეებმა და გამომძიებლებმა საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) კუთხით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები, მათ შორის, სექსუალური ექსპლუატაციისა და შრომითი ექსპლუატაციის, ბავშვთა მიერ მოწყალების თხოვნაში ჩაბმის შემთხვევების პრევენციის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის პრაქტიკული ასპექტები განიხილეს.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.