logo_geo
eng_logo
20 ივლისს 80 წლის გახდა მთვარისა კერესელიძე - ცნობილი ქართველი პოეტი და ჟურნალისტი
- +

20 ივლისი. 2022. 18:34

 

 

ვულოცავთ!

 

„დახვეწილი ფრაზა, ჰაეროვანი რითმები, ჟღერადი რიტმი, სიტყვათა ტრიალი, ღრმა აზროვნება, ფაქიზი სული, ლექსში გამოხატული ამაღლებული გრძნობები, ზეციურობისაკენ სწრაფვა... აი, რა არის მისი ორიგინალობა, აი, რა ხდის საინტერესოს მის პოეზიას… ყველასაგან განსხვავებული, თვითმყოფადი და თავისთავადია... მკვეთრად თავისეულია სიტყვა, ფრაზა, სტრიქონი... ყოველი სიტყვა დამუხტულია პოეზიის დიდი მუხტით, გარანდულია და წნეხშია გატარებული. თითქოს საკუთარი ქურა აქვს მას ლექსის გამოსაწრთობად, საკმაოდ ორიგინალური, თავისებური, ძლიერი და ჟღერადი...“ (მთვარისა კერესელიძე - „100 ლექსი“, შოთა ნიშნიანიძის წინასიტყვაობიდან).

 

 

20 ივლისს 80 წლის გახდა მთვარისა კერესელიძე - ცნობილი ქართველი პოეტი და ჟურნალისტი, გაურკვეველ ვითარებაში მოკლული პოეტის ბერდია ბერიაშვილის მეუღლე.

 

დაიბადა 1942 წელს აბაშის რაიონის სოფელ ძველ აბაშაში პედაგოგების - დავით კერესელიძესა და ვენერა სურმავას ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობდა გაზეთ „სახალხო განათლების“ ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგედ. შემდეგ რედაქტორობდა მეუღლესთან ერთად დაარსებულ გაზეთ „ცისარტყელას“. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს რადიოს ახალგაზრდული გადაცემების განყოფილების რედაქტორად,

 

დააარსა გაზეთი „პოეზია“, რომლის მთავარი რედაქტორიც თავადვე იყო, დამფუძნებელი და პრეზიდენტია შემოქმედ ქალთა ასოციაციისა „ოცნება“. არჩეულია საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის გამგეობისა და საქართველოს ქალთა საბჭოს წევრად. დიდხანს ხელმძღვანელობდა მასწავლებელთა სახლთან არსებულ ლიტერატურულ გაერთიანებას. მთვარისა კერესელიძე დაჯილდოებულია გალაკტიონ ტაბიძის პრემიით და მარიკა ბარათაშვილის სახელობის პრემიით. მისი ლექსები, სტატიები სტუდენტობის დროიდან იბეჭდება რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში, პირველი ლექსი „მე დავიბადე ივლისის თვეში“ 1963 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში „საქართველოს ქალი“. მას შემდეგ მთვარისა კერესელიძეს გამოცემული აქვს ლექსების რამდენიმე კრებული - „სათავე”, „ჭრელი გაზაფხული“, „ოღონდ ისმინე“, „ფრესკის ღაღადი“, „მოგონება“, „პოეზია“, „დუმილის შემდეგ“, „წაგვლეკა მტერმა მოყვრულად”, „თუკი დღეს გადარჩა საქართველო”, „ასი ლექსი”... პოეტის ლექსები თარგმნილია უკრაინულ, ყაზახურ, ავარულ, რუსულ ენებზე. მთვარისა კერესელიძის  კალამს ეკუთვნის მრავალი საყურადღებო პუბლიცისტური სტატია და ნოველა.

 

____________________

მთვარისა კერესელიძე

***

ჩემი ლექსის სათავევ,

ვეღარ ამოგათავე...

იასამნის ტევრო, -

ცოტა სიხარულო და...

სინანულო ბევრო!

ას ვპოვებდი უმეტესს,

გზა და გზა რომ მევლო,

ჩემო გულის სინათლევ,

ჩემო მზევ და მრევლო...

ახალ დედამიწას და...

ახალ ცას ვერ ვპოვებდი,

დავრჩებოდი მიწასთან

ზეციერი პოეტი!

ახალ დედამიწას და,

ახალ ცას ვერ ვნახავდი,

ჩემო ლურჯო რიწავ და, -

ჩემო მთებო, - ნახვამდის!

ჩემო ლექსის სათავევ,

შენ რა ამოგათავებს?!

 

 

***

სისხლს მე დავიდენ გულიდან,

ოღონდაც შენ არ გდიოდეს.

თუ გულის ტკივილი არი,

გული ისევ მე მტკიოდეს...

პირიმზე ხანძარს გინთებდეს,

ტყეში ხოხობი ყიოდეს!

ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ შენს ზვრებში

მგელი და ტურა კიოდეს!

 

 

***

სვეტიცხოველთან

ისევ და ისევ, ისევ და ისევ,

კვლავ სალოცავად ვდგავარ შენს კართან.

ისევ და ისევ, ისევ და ისევ

მფარავდეს შენი მოწყალე კალთა,

რას გთხოვ? - არაფერს, უფალო ჩემო,

ჩემი შვილების სიკეთის გარდა.

ისე, ვითარცა მაღალი ღმერთი

მინათებს ეზოს და გზებს საესავს,

ნათელი ედგას სიონს და ხერთვისს

და ყველას, ვინაც შენთვის დაეცა...

გარს მახვევია ყველა ლტოლვილი,

ყველა შორეულ გზებით მოვლილი,

ყველა მშიერი, ყველა ეული,

ყველა ჩემსავით ჩამოხეული...

ვიცი, იოლი არ არის შენთვის,

ყველას სწყალობდეს სიკეთის ღმერთი,

მაგრამ ეს ერთიც,

მაგრამ ეს ერთიც

გამონაკლისი დაუშვი ჩვენთვის...

ნუთუ ვერ ხედავ, შენთვის უმწეო

სისხლს ღვრიან შენი საბრალო ძენი

თუ ძალა შეგწევს, სიკეთე ქენი,

თუ ძალა შეგწევს, სიკეთე ქენი,

შეგვინარჩუნე მამულის ბჭენი!

თუკი ჩემი ხმა საითმე გესმის,

გვეყოს ამდენი შხამი და გესლი,

დაუფიქრებლად წარსულს რომ ესვრის,

დაუფიქრებლად მამულს რომ ესვრის,

ჩამოგვაშორე ეს უცხო თესლი!

ისევ და ისევ, ისევ და ისევ,

კვლავ სალოცავად ვდგავარ შენს კართან,

ისევ და ისევ, ისევ და ისევ

მფარავდეს შენი მოწყალე კალთა,

რას გთხოვ? - არაფერს, უფალო ჩემო,

ჩემი მამულის სიკეთის გარდა!

 

 

***

ფიროსმანი

სულ რომ არ იყო სურვილი მისი,

დუქნის ძველ კედლებს ისე ხატავდა.

უკვდავების და დიდების ღირსი

ასე უბრალო კაცად გათავდა.

გამოსდიოდა ოქრო ხელიდან,

მაშინ უნდოდა სწორედ შველა და

ჭიქა არაყი რას უშველიდა,

მოიყუდებდა სავსე ხელადას.

და სამამულე ვაზებს ხატავდა,

თუმცა ვერ გახდა მამულის ღირსი.

რადგან თბილისი სწამდა ხატადა,

ადგა, მოხატა სურათი მისი.

ცეკვავდა კინტო ნაქარგი ქოშით,

სულ არ უნდოდა ქცევა სურათად.

და რომ ჯიბეში არ ჰქონდა გროში,

ქეიფს ხატავდა მაინც გულადად.

ქვეყნად იმედი აღარავისი,

ბედს შეეჭიდა ვაჟკაცურადა.

ჩამოძენძილი, დაღლილი დღისით,

ღამით უამრავ ფერში ცურავდა.

თურმე უსიტყვოდ იტანდა შიმშილს,

ასე აქცია თბილისი ხატად.

მერე აიღო სურათი მისი

და საქართველოს ცას მიახატა.

და როს წავიდა, ქვეყანამ იცნო,

მერე ჰყვებოდნენ ჭრელ-ჭრელ არაკებს:

- დუქნის მხატვარი გვეგონა, ბიჭო,

კაცი, ღმერთებთან მოლაპარაკე!

 

 

***

ეს შენთვის მხოლოდ

შვილს თამთას, - ჩემს ხატებას

შენ მოგიძღვენი სუყველა ლექსი,

გულის სითბოთი რაც მიწერია,

შენა ხარ ჩემი ჭიკჭიკი მერცხლის,

შენა ხარ ჩემი ვერცხლის ფერია.

ცა გაფრენილი მერცხლის ფერია,

ან წუთისოფლის რადა ვდევ ჭიკჭიკს?

თუკი სიცოცხლე კვლავ მიწერია,

ისევ ამავსებს საწუთრო ხიჭვით.

ო, სულისდგმაო, რარიგად მიჭირს

და თუ ვარსებობ, შენთვის ვარ მხოლოდ.

შენა ხარ ჩემი აზრი და ნიჭი,

ჩემი ცხოვრების თავი და ბოლო.

შენა ხარ ჩემი ვერცხლის ფერია

და ნაყანებზე ჭიკჭიკი მერცხლის.

თუკი ოდესმე რამ მიწერია,

ეს შენ გეკუთვნის სუყველა ლექსი.

***

მიძღვნა

უწმინდესსა და უნეტარესს,

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია II-ს.

დაბადების 61-ე წლისთავზე თქმული ლექსი

სამოცდაერთი რა არის წელი,

მსახურო ერის, მსახურო მრევლის,

ჯერ ღვთაებრივი საქმენი გელის,

სამოცდაერთი რა არის წელი!

შენი მირონით უნდა შემოსო,

ჯერ მრევლისათვის აქ უნდა ენთო...

მამულისათვის უნდა ილოცო,

იმ ტაოელთა სულის ნაღვენთო!

რამეთუ ღმერთმა ასე ინება,

ზეცით ღვთის მადლი მოგეფინება...

მამულისათვის ანთია კვარი,

მამულისათვის - გეწეროს ჯვარი!

რამეთუ ქვეყნად ვიშვით, მოვედით

ზოგი ლოცვად და, ზოგიც ღვთაებად,

ნათლით მოსილა ძელი - ცხოველი

და უკვდავება -

დგას სვეტიცხოვლის მაღალ კარებთან

და ზენაარის ეფინება მცხეთას ნათელი,

იწვის დიადი კელაპტარიც, მცირე სანთელიც...

რამეთუ ღმერთმა ასე ინება,

შენში ღვთის მადლი მოედინება,

დაამწყალობო კვლავ უნდა ერი,

დაამწყალობო კვლავ უნდა მრევლი...

კვლავ შენი მადლი მოეფინოს უნდა სიონსაც;

შენი ნათელი აფენია ზედაზენს, ხერთვისს

და როცა ღამე ეძინება კავკასიონსაც,

შენი ლოცვაი ღვთაებრივი ზენაარს ერთვის...

შუბლი ნათელი გამოჩნდება აღსავლის კართან,

მიიმალება მაშინ, მჯერა, სადღაც არესიც.

და დგას ტაძარში გადარჩენილ იმედის კალთად

უწმინდესი და...

უნეტარესი!

ჯერ კიდევ ბევრი...

ჯერ კიდევ ბევრი...

ჯერ კიდევ ბევრი...

ერი და მრევლი,

ერი და ბერი შემოგყურებს, ვითარცა

იმედს,

ჯერ კიდევ...

ჯერაც გოლგოთამდე ჯვარია მძიმე,

ჯერ კიდევ...

ჯერაც, მეც იმედი ლამპრად მინთია.

მწყემსი კეთილი -

საით მღერის, ბერო მინდიავ?

მწყემსი კეთილი -

გააღვიძებს იმერ-ამიერს...

მრევლს მოუხმობდე ჯადოსნური შენი კვერთხით და...

ერს მიუძღოდე მრავალჟამიერ!

 

 

***

ვეფხის ნაწოლთან ჩავივლი

ვეფხის ნაწოლთან ჩავივლი,

მთას დააჩნდება ნავალი,

იქნებ შემომხვდეს შაირით

ვეფხვების შთამომავალი.

მიწა აჭრილა მოვისებრ,

ჩაუცვამს მოლის პერანგი,

ჩასძინებია ონისეს,

შემოპარვია ვერაგი!

ზეციურს ვუხმობ შემოქმედს,

ჩავივლი ფშავლის კარადაც,

იქნებ ხელახლა შემომხვდეს

ვეფხის და მოყმის ბალადა,

იქნება ვეფხის დედაი

კლდეზე გადმოდგეს ქალადა!

შვილვეფხმოკლული დედისა

განა უბრალო რიდი მაქვს,

ზარით და ზანზალაკებით

იმედის კლდეზე ვკიდივარ!

მიწა აჭრილა მოვისებრ,

ჩაუცვამს მოლის პერანგი,

საით წასულა ონისე,

კვლავ არ მოგვეჭრას ვერაგი!

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner