უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადების შემდეგ, უკრაინის ომის „გეოგრაფიული მიზნების" შეცვლის შესახებ, მოუწოდა მსოფლიოს, გააძლიეროს სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და დააჩქაროს კიევისთვის იარაღის მიწოდება. ამის შესახებ კულებამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აღიარება უკრაინული მიწების მიტაცების ოცნების შესახებ, ადასტურებს, რომ რუსეთი უარყოფს დიპლომატიას და ორიენტირებულია ომსა და ტერორზე. რუსებს სისხლი უნდათ და არა მოლაპარაკებები. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, გააძლიერონ სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და დააჩქარონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება“, - წერს კულება "ტვიტერზე".