logo_geo
eng_logo
იტალიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
- +

21 ივლისი. 2022. 01:27

 

 

იტალიაში ტოსკანადან ტრიესტამდე ტყის ხანძრებს ებრძვიან. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

როგორც სააგენტო წერს, მეხანძრეები უკვე მეორე დღეა, ტყის ხანძარს ებრძვიან ტოსკანას რეგიონში. ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძარი ქალაქ ლუკასთან ახლოს მდებარე ტყის მასივში გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ახლოს მდებარე სოფლებიდან 300-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარმა უკვე გაანადგურა 650-მდე ჰექტარი ტყე.

 

ხანძარი გაჩნდა ქალაქ ტრიესტთან მდებარე ტყის მასივშიც. ქალაქის მერის ცნობით, შესაძლოა, მალე ქალაქი წყლისა და ენერგიის გარეშე დარჩეს, თუმცა მიზეზი არ დაუკონკრეტებია. ამასთან, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და ფანჯრების დახურვისკენ მოუწოდეს. არსებობს საშიშროება, რომ ხანძარი ტრიესტთან მოსაზღვრე სლოვენიის და ხორვატიის რეგიონებშიც გავრცელდეს.

 

რამდენიმე დღეა, მთელი იტალიის მასშტაბით ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. აღნიშნულის გამო, ქვეყნის 11 ქალაქში განგაშის დონე აწეულია, რადგან მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების სიცოცხლეს. განგაშის დონის აწევას იტალიის სხვა ქალაქებში, მათ შორის რომში, მილანსა და ფლორენციაშიც გეგმავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner