დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა აღდგენილია. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელია კიკეთიდან კოჯრის მიმართულებით და პირიქით.
აღნიშნული ცვლილება 22 ივლისიდან ასევე, შეეხება N316 მარშრუტს, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დროებით იყო შეცვლილი. ავტობუსი კვლავ იმოძრავებს კოჯრის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიწის მასის ჩამოშლის გამო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს.
აღნიშნულ მისამართზე უსაფრთხოების მიზნით, გზის სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე ვერტიკალური ანკერების მოწყობა დასრულებულია და დამცავი კედლის ფუნდამენტის მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც რკინაბეტონის კედლის მშენებლობა განხორციელდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.