საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, ჩატარებული ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, ყოფილი მსჯავრდებულის სიმონ გაბრიელაშვილის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულ საქმეზე დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები. ახალი გამოძიების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზის საფუძველზე, სიმონ გაბრიელაშვილის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი გამოირიცხა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განაჩენით, სიმონ გაბრიელაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. იმავე განაჩენით, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქ.თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მდებარე ბინა (მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი), როგორც დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მიღებული ქონება. განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვეს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებმა.
იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, 2007 წელს, სიმონ გაბრიელაშვილმა დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მინდობილობა, რომლის მიხედვით, გარდაცვლილი ა.გ.-ს პირველი რიგის მემკვიდრის მეუღლის ე.გ.-ს მიერ გაბრიელაშვილს მიენიჭა გარკვეული უფლებები, მათ შორის თბილისში, ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების განკარგვის უფლება. შედეგად, მან მოტყუებით მოიპოვა ქონებრივი უფლება ზემოხსენებულ უძრავ ნივთზე. ქონების უკანონო წარმოშობის დაფარვისა და მისი ნამდვილი ბუნების შენიღბვის მიზნით, ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულებით, ქონება გააფორმა დ.კ.-ს და თ.რ.-ს სახელზე. შემდგომ პერიოდში, სიმონ გაბრიელაშვილმა, დ.კ.-ის მეშვეობით, ამ უკანასკნელის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება გაცვალა ქ. თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მდებარე ბინაში და საბოლოოდ მიიღო დიდი ოდენობით სარგებელი.
ახალი გამოძიების ფარგლებში, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, მათ შორის, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში დაიკითხნენ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები, უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრე და მისი ნათესავები. ხსენებულმა პირებმა დაადასტურეს 2006 წელს სიმონ გაბრიელაშვილზე უძრავი ქონების გასხვისების, მისგან შესაბამისი საფასურის მიღების ფაქტი და აღნიშნეს, რომ მათ რაიმე სახის პრეტენზია სიმონ გაბრიელაშვილის მიმართ არ გააჩნიათ და არც წარსულში გააჩნდათ. ამდენად, სიმონ გაბრიელაშვილის მხრიდან უძრავი ქონების შეძენის პროცესში რაიმე ფორმით ჩადენილი თაღლითობის ფაქტი გამოირიცხა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება მსჯავრდებულის უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით. საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მიღების შემდგომ, სიმონ გაბრიელაშვილს მიეცემა სამართლებრივი საშუალებები, რათა დაიბრუნოს გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული უძრავი ქონება.
დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 454 პირი, რომელთაგან 322 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 60 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 115 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 94 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით, მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.