logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი ბოჭორმის ციხე-კომპლექსის მდგომარეობას გაეცნო
- +

23 ივლისი. 2022. 10:07

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მცხეთა-მთიანეთის მხარეში იმყოფებოდა, სადაც თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსთან, მეუფე მიქაელთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან, ნიკოლოზ აზნაურაშვილთან და არქიტექტორ-რესტავრატორ ნიკო ზაზუნიშვილთან ერთად, ბოჭორმის ციხე-კომპლექსის მდგომარეობას გაეცნო.

მინისტრმა მიიღო ინფორმაცია განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ბოჭორმის ციხისა და წმ. გიორგის ეკლესიის მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომელსაც, 90-იან წლებში, სოსო ბანძელაძისა და ნიკო ზაზუნიშვილის მონაწილეობით ჩატარებული გამაგრებითი და საკონსერვაციო სამუშაოების შემდეგ, რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

შედგა შეთანხმება, რომ ეროვნული მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბოჭორმის ციხე-კომპლექსის შესანარჩუნებლად, რამდენიმე წელზე გათვლილი, ჯერ საკონსერვაციო, ხოლო შემდგომ, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. პროცესში სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აქტიურად იქნება ჩართული.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის პროექტებზე, ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია.

თიანეთის რაიონში მდებარე ბოჭორმის ციხე-კომპლექსი შუა საუკუნეების კახეთის ერთ-ერთ უდიდეს ციხეს წარმოადგენდა და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო X საუკუნეში. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით, ციხესიმაგრე უძველეს ციხეთა რიცხვს განეკუთვნება. მას თავდაპირველად დედაციხე ერქვა, შემდგომ ვეჭორმა დაერქვა, ბოლოს კი – ბოჭორმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner