საბერძნეთი განზრახ არღვევს ლოზანას სამშვიდობო ხელშეკრულების დებულებებს.
აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ლოზანას ხელშეკრულების ხელმოწერის 99 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„თურქეთი, რომელიც თავდაჯერებული ნაბიჯებით უახლოვდება თურქეთის რესპუბლიკის დაარსების და ლოზანას ხელშეკრულების ხელმოწერის 100 წლის იუბილეს, რომელიც 2023 წელს აღინიშნება, აგრძელებს თავისი პოზიციების განმტკიცებას რეგიონულ და გლობალურ საკითხებში“, – აცხადებს ერდოღანი.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ლოზანას სამშვიდობო ხელშეკრულებამ შესაძლებელი გახადა „თურქეთის სახმელეთო საზღვრების დახაზვა, საბერძნეთში თურქი ეროვნული უმცირესობების უფლებების გარანტირება და თურქეთის სანაპიროებთან ბერძნული კუნძულების დემილიტარიზებული სტატუსის დადასტურება“.
ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო 99 წლის განმავლობაში თურქეთი ზედმიწევნით ასრულებდა ლოზანას სამშვიდობო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
„საბერძნეთი ბოლო დროს განზრახ არღვევს ლოზანას სამშვიდობო ხელშეკრულების დებულებებს, განსაკუთრებით თურქი ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით. თურქეთი ვერ შეეგუება ასეთ ვითარებას, რომელიც ეწინააღმდეგება კეთილმეზობლობის პრინციპებს და შეთანხმებების ერთგულებას. ანკარას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, იხმაროს ყველა ღონე რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, ასევე თურქი ხალხის უფლებების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.