„შავ ზღვაში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემების უსაფრთხოებას, რუსეთთან და თურქეთთან ერთად, მესამე ქვეყანაც უზრუნველყოფს, რომელიც მოგვიანებით განისაზღვრება“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა არაბული ქვეყნების ლიგის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, იმისდა მიუხედავად, რომ საკვები პირდაპირ არ ექვემდებარებოდა ანტირუსულ შეზღუდვებს, დაწესდა შეზღუდვები საკვებით დატვირთული რუსული გემების უცხოურ პორტებში შესვლის შესაძლებლობაზე, უცხოური გემების შესვლაზე რუსეთის ფედერაციის პორტებში მარცვლეულისთვის, ასევე გადახდისა და სადაზღვევო მექანიზმების მიღებაზე, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გაამწვავა.
ლავროვმა დასძინა, რომ ეს კრიზისი წარმოიშვა არა რუსეთის გამო, არამედ კორონავირუსული პანდემიის დროს მიწოდების ჯაჭვების მოშლის გამო, ასევე ფულის უკონტროლო ბეჭდვით აშშ-სა და ევროკავშირში საკვებისა და მედიკამენტების გადასახდელად და ამაში წვლილი შეიტანა გვალვებმაც, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში ხდებოდა.