გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა გაიმართა.
პროექტის განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და კახა კაკაბაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ესწრებოდნენ.
„ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები ეხება, როგორც სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ისე კერძო სექტორს. მნიშვნელოვანია, განხილვის პროცესში თითოეული სახელმწიფო უწყების აქტიური ჩართულობა, რათა პარლამენტს წარედგინოს ისეთი კანონპროექტი, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებას ემსახურება, პრაქტიკაში აღსრულებადი იქნება და არ შეაფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებას“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
შეხვედრაზე ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა ახალი კანონპროექტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონი სახეობების, ჰაბიტატების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვის, საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიების შექმნისა და მართვის, ველური მცენარეებით, სოკოებითა და გარეული ცხოველებით სარგებლობის საკითხებს არეგულირებს. კანონი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) გაიდლაინებს ემყარება და მიზნად ისახავს საქართველოში ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო კონვენციის (CBD) და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დანერგვას, ასევე, განსაზღვრავს ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნის საკითხებს.
კანონის პროექტი „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ქართველი ექსპერტების მიერ მომზადდა.