„გუშინ არახამიას ვრცელი, ტყუილით და ღვარძლით გაჯერებული ინტერვიუ ვნახე, წარმოუდგენელია სითავხედეს ის მასშტაბი, რომელსაც არახამია ავლენს! უკრაინაში 152 დღეა ომი მიმდინარეობს, არახამია კი 152-ე დღეა საქართველოს ხელისუფლებას ლანძღავს. თუ გარკვეული დავალება არ გაქვს, შეუძლებელია შენს ქვეყანაში მიმდინარე ომის პარალელურად პარტნიორი ქვეყნის მთავრობის ლანძღვისთვის მოიცალო“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებას, რომლის თანახმად, მან აღნიშნა, რომ სანქციების სამიზნე მარტო ბიძინა ივანიშვილი არ იქნება.
მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ არახამიას ახალი „სამშობლოს“ მოძებნა მოუწევს, რადგან მას უკრაინაში არ დაედგომება:
„არახამიამ ევროინტეგრაციის საკითხში დახმარება აღვიქვა, მას რომ „წარმატებული“ მოლაპარაკების უნარი აქვს, ეს რუსეთ-უკრაინის სამუშაო ჯგუფის შეხვედრების დროს დამტკიცდა, მოლაპარაკების დროს უკრაინის მხარის ერთ ერთი ხელმძღვანელი სწორედ არახამია იყო. მან, ასევე, აბსურდულ სანქციების საკითხზე ისაუბრა. არახამიას განცხადებით, დოკუმენტებს შესაბამის სამსახურებს გადასცემს. ალბათ ყველას გვახსოვს რამდენიმე თვის წინ არახამიას აშშ-ში ვიზიტი, სადაც მან დიდი დრო საქართველოს მთავრობის კრიტიკას დაუთმო, შემდეგ კი აშშ-ს ელჩმა დეგნანმა განაცხადა, „ბატონ არახამიას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება“. არახამიას რიტორიკა ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობას და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ქართველები ჩვენს ქვეყანას სხვების დახმარების გარეშე მივხედავთ. არახამიას მსგავსი ვაი-ქართველების დახმარება არ გვჭირდება, მან საკუთარ ახალ სამშობლოს უკრაინას მიხედოს. მოცემული სიტუაციის ანალიზი მაძლევს თქმის საფუძველს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ არახამიას ახალი „სამშობლოს“ მოძებნა მოუწევს, რადგან მას უკრაინაში არ დაედგომება“, - ამბობს დავით ჩიხელიძე.