logo_geo
eng_logo
თამარ ტალიაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ,“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა
- +

25 ივლისი. 2022. 16:20

 

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტი“ და ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მიერ ორგანიზებულ მე-6 საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“, რომელიც ბათუმში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, თამარ ტალიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის სფეროში არსებულ სიახლეებზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საკანონმდებლო მხარდაჭერის მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

„ტექნოლოგიურმა განვითარებამ გაამარტივა ორიგინალის კონტრაფაქციული, ე.წ. პირატული ასლების მასიური წარმოების პრაქტიკული შესაძლებლობა. ეს გარემოება განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელთა კანონიერი ინტერესების დაცვისა და აღსრულების თვალსაზრისით. ეს ხელს უშლის ადგილობრივი მეწარმეების წარმოების გაფართოებას, ხოლო ხელოვანებსა და ავტორებს პროფესიულ განვითარებაში, საფრთხეში აგდებს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ და გლობალურ შემოქმედებით სივრცეში, ასევე ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას სავაჭრო კუთხით. საქართველოს პარლამენტში განისაზღვრა თემატური მომხსენებელი ინტელექტუალური საკუთრების უფლებებზე და ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერის კუთხით," - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 

კონფერენციის მონაწილეთა შორის ევროპისა და აშშ-ს საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლების და ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც მათ წინაშე მდგარ სირთულეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner