თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თურქული ხომალდის მუშაობის დეტალები დაკარგული სამხედროების მშობლებს გააცნო. მისი განმარტებით, ხომალდი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.
იზორიას განცხადებით, თურქული ხომალდი ძებნას სამი დღის განმავლობაში განახორციელებს, საჭიროების შემთხვევაში კი დრო გახანგრძლივდება. მისივე თქმით, გამოძიებასთან დაკავშირებულ სიახლეებს დაუყოვნებლივ მიაწვდის საზოგადოებას.
„გავეცანი თურქულ ეკიპაჟს, ძალიან მაღალკვალიფიციური ეკიპაჟია. თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, ხომალდი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც შესაძლებელს ხდის ამ ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებას. ისინი ჩამოსულები არიან მინიმუმ სამი დღით, თუმცა, იმის პირობასაც იძლევიან, რომ თუ არ გვექნა კონკრეტული შედეგი, გახანგრძლივდება პერიოდი და მაქსიმუმს გააკეთებენ. განწყობა არის ისეთი, რომ სანამ არ იქნება კონკრეტული შედეგი ისინი მუშაობას არ შეწყვეტენ. თუ არ დადგება შედეგი გვეტყვიან თუ რა არის კონკრეტული მიზეზი. გარკვეული მეთოდოლოგია სჭირდება სამძებრო სამუშაოებს. უკვე განსაზღვრეს, თუ რა რადიუსში უნდა იქნეს მოძებნილი ობიექტი და შეუდგნენ მუშაობას", - აღნიშნა ლევან იზორიამ.
თურქეთის სასაზღვრო ძალების 650-ტონიანი სამძებრო ხომალდი „Minehunter", რომელიც სიღრმეში ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზეა გათვლილი, გონიოს სანაპიროზე 07:00 საათზე შევიდა. ხომალდის ეკიპაჟი 41 კაცს შეადგენს და სანავიგაციო რადარით არის აღჭურვილი.
თავდაცვის სამინისტროს ორი კურსანტი 16 აგვისტოს გონიოში წვრთნების დროს წყალში დაიკარგა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობა გამოძიება.