„დღეს ოპოზიციამ საჯაროდ დაარღვია ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციის პირველი პუნქტი, რომელიც დეპოლარიზაციას გულისხმობს!“ - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, თუ ოპოზიციას მუშაობა სურს, მათ შეუძლიათ მმართველი გუნდის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფს შეუერთდნენ:
„ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები პარლამენტში შეიკრიბნენ, მათ ალტერნატიული სამუშაო ჯგუფი შექმნეს, რომელმაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უნდა იმუშაოს. შეკრებით ცალსახად ირღვევა რეკომენდაციის პირველი პუნქტი. შეხვედრა, ასევე, ოპოზიციის არასერიოზულობაზე მიუთითებს, ისინი ღია კარის მტვრევას განაგრძობენ. თუ ოპოზიციას მუშაობა სურს, მათ შეუძლიათ მმართველი გუნდის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფს შეუერთდნენ. ევროკავშირის მოწოდებაც სწორედ ეს არის, იმუშავეთ ერთად და არა ცალ-ცალკე.
„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების წამოწყებული თამაში კრახისთვის არის განწირული, სამწუხაროდ ოპოზიციის ნაწილს რეალობის აღიარებას, ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრება ურჩევნია. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ევროინტეგრაცია საერთო ქართული საქმეა და მისი ვიწროპარტიულ ინტერესებში მოქცევა დაუშვებელია, როგორც ამას ოპოზიცია აკეთებს!“ - აცხადებს დავით ჩიხელიძე.