თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ყაზბეგის ქუჩაზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ 10 დღის განმავლობაში თბილისში ხეების მოჭრაზე მორატორიუმი გამოცხადდა. ქალაქის მერმა აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ მიიღო და განაცხადა, რომ მომდევნო 10 დღის განმავლობაში ნებისმიერ დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ან პირთან ერთად მერია იმსჯელებს და გადახედავს გამწვანებასთან დაკავშირებულ წესებს დედაქალაქში.
„მართალია, ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ და გავამკაცრეთ წესები, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკითხი კიდევ გადასახედია, ამიტომ ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად, მზად ვართ, დავსხდეთ და განვახორციელოთ ეს საკითხები, რათა რეგულაციები კიდევ უფრო მეტად მკაცრი გავხადოთ. თუმცა ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ, რომ 21-ე საუკუნეში ურბანიზაცია შეუქცევადი პროცესია, ამიტომაც უნდა მივიღოთ ისეთი რეგულაცია, რაც საჯარო და კერძო ინტერესების თანხვედრით მოგვცემს ქალაქის შემდგომი განვითარების შესაძლებლობას. მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ, მწვანე საფარიც შევინარჩუნოთ და მეორე მხრივ, ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქალაქში ახალი პროექტები განხორციელდეს. ადამიანები დასაქმდნენ. ასე რომ, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც რაციონალური წინადადება გააჩნია, ჩვენ მზად ვართ, რომ შევხვდეთ ამ ადამიანებს და შევივიმუშაოთ ახალი წინადადებები", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის პროკურატურამ ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის საქმეზე გამოძიება დაიწყო.