„ომზე საუბარი დავიწყეთ იმ ინფორმაციის შემდეგ, რაც გაჟღერდა ჩვენი ოპონენტების მხრიდან. მთელი ქრონოლოგია იყო ამდაგვარი - გარდა იმისა, რომ გაწევრიანებაზე განაცხადი დაჩქარებული წესით გაკეთდა, არადა ჩვენ ეს გვქონდა 2024 წელს დაანონსებული. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწია ამ განაცხადის ნაადრევად გაკეთება. შემდეგ იყო, რომ პერსპექტივის სტატუსი მივიღეთ და მივიღეთ 6 თვიანი დაჩქარებული პროცესი, რაც ევროპულ პრაქტიკაში, ფაქტობრივად, არ არსებობს“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, იყო ბევრი კითხვა ამერიკის ელჩის მისამართით, რაზეც პასუხი არ იყო გაცემული.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ, უწევდათ მათ ლოგიკური პასუხების ძიება და ამ პასუხებში იკითხებოდა, რომ შესაძლოა, ამერიკის ელჩი ყოფილიყო იმ სცენარის ავტორი, რაც საქართველოში ვითარდებოდა.
როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, თუ ომია უპირატესი პირობა სტატუსის მისაღებად, მაშინ ქვეყანამ უნდა იცოდეს, რა ფასის გადახდა მოუწევს.
„ჩვენ ამას დავარქვით ხაფანგი, რომ ეს არ იყო სტატუსის მინიჭებისთვის, არამედ პირიქით, ეს იყო სტატუსის არ მინიჭებისათვის და ქუჩის ემოცია უფრო მაღალ ხარისხში, რომ ასულიყო და საბოლოოდ დასრულებულიყო ხელისუფლების შეცვლით, რევოლუციური გზით. და სწორედ აკერმანის გაკვეთილებიც ბაკურიანში ამას ემსახურებოდა, როცა, გარდა ამ რევოლუციური სცენარის განვითარებისა, დააანონსეს, რომ ტექნიკური მთავრობა უნდა შექმნილიყო და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა შეკითხვები ქალბატონ ელჩთანაც, რომლისგანაც პასუხი ვერ მივიღეთ, არამარტო ამ კითხვაზე, არამედ კიდევ ბევრ საკითხზე. რა პასუხიც მივიღეთ, იყო აბსოლუტურად არაადეკვატური, შეუსაბამო და არაპარტნიორული. მერე იყო, რომ თითქოს წერილი ბოლომდე არ წაუკითხავს, ესეც პარტნიორულ დამოკიდებულებას არ ჰგავს. კითხვის დასმები შეფასდა, თითქოს მას თავს ესხმიან, არადა მე ვფიქრობ, ევროპულ დემოკრატიაში მით უმეტეს, კითხვის დასმა არ არის თავდასხმა. თავდასხმის ფაქტი კონკრეტულად ამერიკის ელჩზე, ჩვენ ვნახეთ, როცა ბატონი გვარამია პირდაპირ, დასურათებული სიუჟეტით გამოდიოდა და ელჩზე აბსოლუტურად შეუსაბამოდ საუბრობდა. თუმცა, ამაზე რეაქცია არ იყო. რაც შეეხება ომის რიტორიკას, თქვენ გახსოვთ სახალხო დამცველის განცხადება, რომ მას ურჩევნია ცხელი ბომბები ცვიოდეს ქვეყანაში, ვიდრე საქართველო არ შეუერთდეს სანქციებს. არც ამაზე არ ჰქონდა ამერიკის ელჩს რეაქცია და პირიქით, როდესაც ესტუმრა მას, ლომჯარიამ გამოიყენა, რომ ამერიკის ელჩმა ჩემდამი გამოხატა მხარდაჭერაო. რადგან ამერიკის ელჩისგან კითხვები არ იყო გაცემული, ჩვენ გვიწევს ლოგიკური მსჯელობა და პასუხების ძიება და ამ პასუხებში იკითხება ის, რომ თურმე ეს არ არის რაიმე გვერდითი მხარდაჭერა, არამედ პრაქტიკულად, გამოდის, რომ ის შესაძლოა, სცენარის ავტორიც კი იყოს. თუ ომია უპირატესი სტატუსის მისაღებად, მაშინ უნდა ვიცოდეთ, ომის ფასად, რას იღებს საქართველო“, - განაცხადა ხუნდაძემ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ საუბრის დროს.