საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს დმანისის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს სწრაფი განვითარებისათვის სამოქმედო გეგმა გაწერილი და არჩევნებში გამარჯვების დღიდან დაიწყება შეუქცევადი აღმავლობა ქვეყანაში. კვირიკაშვილის თქმით, თითოეული ადამიანის აზრი იქნება გათვალისწინებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს. ჩვენ გვაქვს სწრაფი განვითარების, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი განვითარების გეგმა და არჩევნებში გამარჯვების მეორე დღიდან დაიწყება შეუქცევადი აღმავლობა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა ოჯახი საკუთარ თავზე იგრძნობს. დღეიდან 4 წლის თავზე, ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, გაცილებით განვითარებული, მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით. ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გარღვევის კონკრეტული გეგმა. განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმირების, მთლიანად ქვეყანაში მმართველობითი სისტემის ისეთი რეფორმის, როცა თითოეული ადამიანის აზრი იქნება გათვალისწინებული და, რა თქმა უნდა, მართლწესრიგი და სტაბილურობა ქვეყანაში, რაც არის უმნიშვნელოვანესი. ვინაიდან, კანონმა თუ არ იკანონა, ის ქვეყანა ქვეყანა არ არის. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ამას აუცილებლად მიაღწევს!"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.