ავტორი ბიძინა დვალი
უკრაინის ომის მთავარი შედეგი ჩვენთვის, ქართველებისთვის ისაა, რომ პოლიტიკაში ნაკლებად ჩახედული ადამიანებისთვისაც თვალსაჩინო გახდა ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება, მიზნები და ამოცანები საქართველოს მიმართ (უკრაინის მიმართაც, მაგრამ ეს ჩვენ, ჯერჯერობით, ვიდრე უკრაინას ზელენსკის ხელისუფლება მართავს, არ გვეხება). 2008 და 2014 წლებში გაჩენილ ეჭვებს 2022 წელმა, რომ იტყვიან, ბეჭედი დაუსვა.
ჩვენი ახალი „უფროსი ძმისა“ და „მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის“ საქართველო ხან გაცვლითი ბანქოს ქაღალდია, ხანაც საზარბაზნე ხორცი, გააჩნია ვითარება და გარემოებები რას მოითხოვს. მწარე რეალობაა, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ რეალობაა, ფაქტია.
რუსები იტყვიან - „ნეტ ხუდა ბეზ დაბრა“, ანუ ყველა უარყოფითს რაღაც დადებითიც ახლავსო. ჩვენ შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი დადებითი ისაა, რომ ისტორიის უმძიმეს გამოცდას, 24 თებერვლიდან მოყოლებული, წარმატებით ვუმკლავდებით. საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ამ ეტაპზე ხელისუფლებაცა და ხალხიც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
უკრაინის ომთან დაკავშირებულმა მოვლენათა განვითარებამ დიდი დახმარება გაგვიწია, კიდევ ერთხელ გავმყარებულიყავით იმ რწმენაში, რომ რუსეთის ბატონობისგან თავის დახსნის ორასწლიანი ეკლიანი გზა იმისთვის არ გაგვივლია, რომ სხვა ქვეყნის კოლონიად ვქცეულიყავით.
კელი დეგნანის მხილება არც ჩემი და არც სხვა სიმართლის მთქმელების ახირება არ არის. უბრალოდ, ქალბატონი ელჩი ხორციელი გამოხატულებაა იმ პოლიტიკისა, რასაც ჩვენი ქვეყნის ნეოკოლონიალიზმის ახალ ჭაობში შეთრევის მცდელობა შეიძლება ეწოდოს. გუწრფელად რომ ითქვას, ეს ქალბატონი ადამიანურად მეცოდება კიდეც. მის წინაშე მდგარი არამეგობრული და არაპარტნიორული ამოცანების შენიღბვისა და გახშირებული უხერხული სიტუაციებიდან თავის დაძვრენის მიზნით, იმდენი სამარცხვინო „არგუმენტის“ მოშველიება, იმდენი ტყუილის თქმა უწევს, რომ...
ბოლო ორი კვირის მოვლენები გავიხსენოთ: ჯერ იყო და, მისი აქაური სადაქალო-საძმაკაცოსა (გიგაური, ლომჯარია, მარგველაშვილი, უსუფაშვილი და სხვ.) და „მეგობარი“ უკრაინელი „პოლიტიკოსების“ თავგადაკლული მცდელობებისთვის, მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, სცადა თავისი ძალიან გამჭვირვალე კალთა გადაეფარებინა - მსგავსი არაფერი გამიგია, „რუსული ნარატივით“ ნუ მესაუბრებითო; მერე, მამხილებელი კითხვებისგან კუთხეში მიმწყვდეულმა, თავი სილაში ჩარგო, ყაველაშვილის წერილი ბოლომდე არც წამიკითხავსო(?); ბოლოს, მოსამართლის სანქცირების თემაზე, თავის თავსაც აჯობა და რა მოხდა მერეო, ეს ხომ „რუტინული ამბავიაო“, ანუ მოსამართლისთვის ანგარიშის მოთხოვნა და თავისი კერძო მიზნებისთვის არასასურველი გადაწყვეტილებისთვის მისი სანქცირება (დასჯა) „რუტინული ამბავიაო“(?).
მხოლოდ უტიფრობას თუ უწოდებ იმას, რომ მისი ეს შეურაცხმყოფელი, ჭეშმარიტად ნეოკოლონიალისტური დამოკიდებულება იმით „გაამყარა“, რომ თურმე „იგივე შეშფოთება ჰქონიათ სახალხო დამცველს, არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასა და საქართველოს საერთაშორისო მეგობრებსაც“ (ე.ი. ისევ და ისევ გიგაურებს, ლომჯარიებსა და კუბილიუს-ფოტიგებსო), ანუ მოწმეებად თავისივე კუდები მოიყვანა.
„ჯუნგლის კანონზე“ მოწყობილ დღევანდელ სასტიკ სამყაროში საქართველოს აუცილებლად სჭირდება ფარი, ანუ სტრატეგიული პარტნიორი, რომელთან ურთიერთობაც შეგვიქმნის უსაფრთხო გარემოს ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის. „რუსული ქოლგისგან“ თავის დაღწევის შემდეგ, არჩევანი შევაჩერეთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე. უნდა ვაღიაროთ, რომ არსებულ რეალობაში ეს იყო უალტერნატივო გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში, თანდათან მივდიოდით იმ „აღმოჩენამდე“, რომ ახალ გარემოში მოხვედრით ჩვენი მდგომარეობა თვისებრივად არ იცვლებოდა, ხოლო „დემოკრატიის შუქურას“ ეპოქამ ყველა გულუბრყვილო, იდეალურთან მიახლოებულ მოლოდინს ცივი წყალი გადაასხა.
დიახ, მოულოდნელად აღმოვჩნდით იმ ფაქტის წინაშე, რომ აშშ-ის შესაბამისმა სამსახურებმა საქართველოს განუსაზღვრეს რეგიონში ამა თუ იმ სტრატეგიული თუ ტაქტიკური დანიშნულებით გამოსაყენებელი ობიექტის, ერთგვარი პოლიტიკური დამატების როლი. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აინტერესებდათ და არ აინტერესებთ, საქართველო როგორი სახელმწიფო იქნება, როგორი იქნება ქართველი ხალხის ცხოვრების დონე და პირობები. მთავარია, ქვეყანას ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც უპრობლემოდ, სიტყვის შეუბრუნებლად შეასრულებს „უფროსი ძმის“ ყველა დავალებას, რაც არ უნდა საზიანო იყოს ის მისი ქვეყნისთვის და ხალხისთვის.
რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ეს წარსულში დაბრუნება, ადამიანების ბედით ეს შეურაცხმყოფელი თამაში კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა.
რეალობისთვის თვალის გასწორება თუ გვინდა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში შეიქმნა ჩიხური სიტუაცია. ჩიხიდან გამოსავალი კრიზისების დაძლევის მარადიული ფორმულით - შექმნილი ვითარების ობიექტური შეფასების, ფაქტებისა და მოვლენებისთვის თავისი სახელების დარქმევის გზით უნდა ვეძებოთ. სახელების დარქმევა, რასაკვირველია, არ იქნება იოლი ამბავი, რადგან „ის ზევითაა, ჩვენ ქვევით“... ერთი სიტყვით, მგლისა და კრავის უწყვეტად განმეორებადი თემის მორიგ ინტერპრეტაციასთან გვაქვს საქმე, თანაც „ლაივში“.
ჩვენს ლეგიტიმურ კითხვებს ზემოთ ჩამოთვლილ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო გამოვლინებებთან დაკავშირებით, „ვაშინგტონის კრემლის“ პრეს-სპიკერმა ელჩზე თავდასხმა და ანტიამერიკული მოქმედება უწოდა. კითხვებზე (იმავე იგავის შინაარსს შორს რომ არ გავცდეთ), „როგორ აგიმღვრევთ წყალსაო“, როცა ეს ჩვენს ინტერესებში არანაირად არ შედის, თანაც, კარგად უწყით, წყალს თქვენ მიერ დაფინანსებული და თქვენგან მართვადი სუბიექტები ამღვრევენ მუდმივადო, პასუხად ღრიალი და კბილების ღრჭიალი მივიღეთ.
სამწუხაროა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმთავითვე უარი თქვა საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობის სტანდარტულ, კლასიკურ ფორმაზე და აირჩია ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის უკიდურესად შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახავი, სხვადასხვა (არ ვიცი, რა ნიშნით გამორჩეულ) ქვეყანაში აპრობირებული, „ჩვენი ნაძირალას“ მეთოდი.
აშკარაა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გამოიყვანოს ქვეყანა სხვისი კარნახით მცხოვრები ქვეყნის, დე-ფაქტო კოლონიის მდგომარეობიდან და სიმართლის თქმის გზას ბოლომდე მიჰყვება. სამართლიანი ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის გადამწყვეტ ფაზაშია შესული.
სამოქალაქო საზოგადოების მოვალეობაა, მხარში დავუდგეთ ხელისუფლებას ამ, ვიმეორებ, სამართლიან, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების მომავლის განმსაზღვრელ ბრძოლაში.
*
მაშ ასე - სიმართლე, სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა(!) –
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოცდაათწლიანი საქმიანობა საქართველოში სამ ძირითად ეტაპს მოიცავს:
(გაგრძელება იქნება)
ბიძინა დვალი
25.07.2022 წ.