logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: სად წერია, რომ პოლიტიკოსმა, საჯარო მოხელემ, სახეში ტალახის შესხმას რომ დაუპირებენ, თავი დახაროს?!
- +

26 ივლისი. 2022. 16:37

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ირაკლი კობახიძესა და „მთავარის“ ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტზე კახა კალაძის კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„კახა კალაძე: „თუ ფიქრობთ იმას, რომ მედიამ შეურაცხყოფა გვაყენოს და ჩვენ თავდახრილები ვიდგეთ, ეს არასწორია. რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? როდესაც მაგინებენ, მე ვუყურო, რა „ლამაზად“ მაგინებენ?!“

 

ვეთანხმები კახა კალაძეს!

 

რაც ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით მოხდა, როგორი პროვოკაციაც ე.წ. ჟურნალისტმა მოუწყო, ეს თმენის არანაირ ვალდებულებას არ ექვემდებარება. ბოლოს და ბოლოს, სად წერია, რომ პოლიტიკოსმა, საჯარო მოხელემ ყველაფერი უნდა მოითმინოს, სახეში ტალახის შესხმას რომ დაუპირებენ, თავი დახაროს?!

 

ეგრე არ არი, ეგრე არ ხდება!

 

რა კრიტიკული მედია, რომელი თავისუფალი სიტყვა?

 

იქნება ნორმალური დამოკიდებულება? ასეთივე იქნება პასუხი!

 

იქნება აგრესია, შეურაცხყოფა და ზიზღი? შეიძლება რაღაც დონემდე იყოს მოთმინება, მაგრამ ბოლოს მაინც ასეთივე იქნება პასუხი!

 

კახა კალაძე: „ვგმობ დამოკიდებულებას, რასაც ჟურნალისტების ნაწილის მხრიდან ვაწყდებით. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა. შეიძლება არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის ნაბიჯებს, მაგრამ პირადი შეურაცხყოფა, ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია“.

 

აბა, როგორ?

 

შენ ვიღაცამ ხელში მიკროფონი მოგაჩეჩოს, ე.წ. ინსტრუქტაჟი ჩაგიტაროს, წაგაქეზოს, ცოტაოდენი გასამრჯელოც შემოგაძლიოს და სახელმწიფო მოხელესთან (მისთვის არასასურველ პიროვნებასთან) დასაკბენად მიგაგზავნოს, ეგრე სად არი, ამას ვინ მოგითმენს და ან კი რატომ უნდა მოგითმინოს, ვინ ხარ, რას წარმოადგენ, რა უპირატესობა გაქვს?!

 

ამიხსენით, რა უპირატესობა გაქვთ, მხოლოდ ის, რომ ვინმე ხელებდაკაპიწებულმა მოჟურნალისტო ,,ბობოლამ'' საბუთი გამოგიწერათ?

 

და შემდეგ... ამ მოჟურნალისტო „ბობოლამ“ პირდაპირ ეთერში ხელები უნდა დაიკაპიწოს და მთელ დუნიას ამცნოს, არიქა, კრიტიკულ მედიას თავს ესხმიანო?!

 

კი, მაგრამ სახელმწიფო მოხელეებს თავს რომ ესხმიან, ეს არაფერი? სახლებში რომ უვარდებიან - ეს არაფერი? ოჯახებს რომ უწიოკებენ - ეს არაფერი? ოჯახის წევრებს რომ ულანძღავენ - ეს არაფერი?!

 

და მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებს ექცევიან ასე?

 

არა!

 

ასე ექცევიან, ვინც არ მოსწონთ შავნოდარას, უფროს ჭუტლექსას, უმცროს ჭუტლექსას, მუსკულებიან ინგას და მათნაირებს!

 

გეუბნებით, მოიქეცით ისე, როგორც კალაძე მოგიწოდებთ:

 

„ყველაფერზე წინ უნდა დავაყენოთ ურთიერთპატივისცემა. როდესაც ხარ ჟურნალისტი და რესპონდენტს შეურაცხყოფას აყენებ, თუნდაც არ მოგწონდეს ის, ეს არ არის მისაღები, არ არის სწორი და ძალიან ცუდია. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იყოს ურთიერთპატივისცემა პირველ რიგში. მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენგანაც იქნება ათასჯერ მეტი პატივისცემა  და სიყვარული“.

 

დამიჯერეთ, ვისაც თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ, ვისაც უცერემონიოდ მშობლებს ულანძღავთ და პირდაპირ ეთერში ეკითხებით: „მამათქვენი „კაგებეშნიკია?“ ასეთები ნამდვილად არ არიან რობოტები, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და შეიძლება ერთხელაც ნერვებმა უმტყუნოთ. მეტიც, რაკი ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, შეიძლება ისე მოგექცნენ, რომ პირიდან დუჟი წამოგივიდეთ, ტანში ჟრუანტელმა დაგიაროთ, კანკალი აგიტყდეთ და ოფლად დაიღვაროთ.

 

აი, ამაში კი უჩვეულო არაფერია - როცა პროვოკაციას აწყობ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner