საქართველოს პარლამენტის ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრ ოდედ ფორერთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გივი მიქანაძემ საქართველოდან ისრაელში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებულ პოზიტიურ და მზარდ დინამიკაზე ისაუბრა. ხაზი გაესვა სოფლის მეურნეობის დარგში ისრაელის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა მინისტრს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული პოტენციალი გააცნო. რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რომელიც ფერმერული და სამაცივრე მეურნეობების განვითარებას უწყობს ხელს. შეხვედრაზე, ასევე, მიმოიხილეს სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებებიც.
ოდედ ფორერმა ისრაელში, სოფლის მეურნეობის სფეროში დანერგილ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი საქართველოს ვიზიტით ეწვევა და მინისტრს დასკვნებს წარუდგენს. მასპინძელმა მხარემ საქართველოს მხარდაჭერისთვის სრული მზადყოფნა დაადასტურა.
შეხვედრას ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, ლაშა ჟვანია, თელავის მერი, ლევან ანდრიაშვილი, აფულას მერი, ავრაჰამ ელკაბეტცი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.