პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" ფოთის საქალაქო ორგანიზაციის 50-მდე წევრმა დატოვა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა ზაზა ჭურღულიამ განაცხადა, რომ მასთან ერთად ორგანიზაცია დატოვეს ადამიანებმა, რომლებიც ვერ ეგუებიან ყოფილ „ნაციონალებთან" ალიანსის შექმნას.
„დადასტურდა მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის" გარიგება ისეთ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც პრინციპულად მიუღებელია ჩვენთვის. დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი „ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებისა და მის სატელიტ პარტიებთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობას, პოლიტიკური ბლოკისა თუ ალიანსის შექმნას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით.
მე, როგორც პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი, ჩემს გუნდთან ერთად ვტოვებ ორგანიზაციას, ვისთვისაც ღირებულებები და ფასეულობები უფრო მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზაზა ჭურღულიამ.