თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ შვედეთს ჯერ არ განუხორციელებია ტერორიზმში ეჭვმიტანილების ექსტრადირება.
„შვედეთმა და ფინეთმა თავიანთი ვალდებულებები უნდა შეასრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში NATO-ში გაწევრიანების მათ განაცხადს დავბლოკავთ“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მევლუთ ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ შვედეთსა და ფინეთში „ტერორის პროპაგანდა“ გრძელდება.
18 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესის შეჩერება შეუძლია, თუ სტოკჰოლმი და ჰელსინკი საჭირო ნაბიჯებს არ გადადგამენ.
30 ივნისს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა თურქეთისთვის მიცემული დაპირებები უნდა შეასრულონ, მათ შორის ოფიციალური სტოკჰოლმის დაპირება 73 „ტერორისტის“ ექსტრადირებაზე.
ერდოღანმა შვედეთსა და ფინეთს განუცხადა, რომ კვლავ შეუძლია დაბლოკოს მათი სწრაფვა NATO-ში გაწევრიანებისკენ, თუ ისინი ანკარასთან ახალ შეთანხმებას არ განახორციელებენ.