პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA-ში) საქართველოს გაწევრიანების საკითხზე ეროვნული ბანკის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
„ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA-ში) საქართველოს გაწევრიანება მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის საფინანსო სექტორისთვის", - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, ევროზონაში საბანკო გადარიცხვები გამარტივდება და გაიაფდება, რაც სასარგებლოა, როგორც ბიზნესისთვის ასევე მოქალაქეებისთვის.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სასურველია, საქართველომ SEPA-ში გასაწევრიანებლად განაცხადისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დროულად დაასრულოს და მომზადდეს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც SEPA-ს კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო.
შეხვედრაზე ისაუბრეს SEPA-ს გეოგრაფიულ სივრცეში გაწევრიანებისთვის აუცილებელ საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაზე. კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო პროცესის დროულ წარმართვას.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები: არჩილ მესტვირიშვილი და პაპუნა ლეჟავა, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმების დეპარტამენტის უფროსი, გიორგი გურგენიძე.