„ახალი ამბები აღარ იწერება ერთ ოთახში, ყველა ტელევიზიისთვის ერთი და იმავე ტექსტით", - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბოლნისის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ თავისუფლება და დამოუკიდებელი მედიაგარემო ბოლო 4 წლის მთავარი მონაპოვარია.
„ხედავთ, რამდენად თავისუფალია მედიასივრცე, ტელევიზიები თავისუფლად გადმოსცემენ სიახლეებს. ვფიქრობთ, ეს თავისუფლება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დამყარდა ამ 4 წლის განმავლობაში და ის მთავარი გარდატეხა, რომელიც მოხდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, არის უდიდესი მიღწევა. ასევე დიდი მიღწევაა ის, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ყველაზე მნიშვნელოვან, სასიცოცხლოდ აუცილებელ მიმართულებებს", - აღნიშნა პრემიერმა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბოლნისის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგა მეშველიანი წარუდგინა და მმართველი ძალის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს ინიციატივიან ადამიანს აქვს უამრავი შესაძლებლობა, ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამებით და უზრუნველყოს საკუთარი ოჯახი.
„ჩვენ გვაქვს მორალური უფლება, თვალებში შევხედოთ ჩვენს ამომრჩეველს და ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მომავალი 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ქვეყნის სწრაფ განვითარებას და თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის მიტანას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, მმართველი გუნდის მიერ დასახული ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, საჭიროა მოსახლეობის მხარდაჭერა და მყარი უმრავლესობა პარლამენტში.
„შემოვუძახოთ ერთმანეთს მეტი კონსოლიდაციისკენ, საჭირო არის მეტი მობილიზება, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი, შემდგომი 4 წლის განმავლობაში და ჩავყაროთ ის საფუძველი, რაც საქართველოს სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი 4 წელი, ამიტომ საჭიროა სტაბილური პარლამენტი და მყარი უმრავლესობა", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა ბოლნისის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ.
„ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში. მადლობა იმისთვის, რომ 2012 წელს ჩვენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად ქვეყანაში მოვახდინეთ გარდატეხა. ჩვენ დავამტკიცეთ ის, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ძალადობის, ტერორის, შანტაჟის გარეშე ქვეყნის მართვა. ჩვენ დავმტკიცეთ, რომ შესაძლებელი ყოფილა ქვეყნის მართვა ოჯახების გაუბედურების, დაშინებების გარეშე. ეს რეალობა ჩვენს მიერ არის შეცვლილი. მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ დღეს საქართველოში თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის უფლებები თანაბრად არის დაცული, მიუხედავად მათი განსხვავებული აზრისა, პოლიტიკური შეხედულებებისა. მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ დღეს საქართველოში შესაძლებელია საარჩევნო კამპანიის ჩატარება თავისუფალ, მშვიდ, წყნარ გარემოში. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს შესაძლებლობა, გააცნოს თავიანთი ხედვა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თუ როგორ წარმოუდგენიათ ქვეყნის განვითარება. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების გზით მიიღონ გადაწყვეტილება თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ხელკეტებით დევნა, ცემა-ტყეპა, შეურაცხყოფების მიყენება საარჩევნო კამპანიის დროს, როგორც ეს სულ რაღაც ოთხი წლის წინ ხდებოდა და თითოეულმა ჩვენთაგანმა საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ როგორი იყო საარჩევნო კამპანიის ჩატარება ასეთ პირობებში. ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება ისეთი მთავრობები, რომელიც დაუშვებს ძალადობას. ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც იქნება დაფუძნებული დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებზე. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის ქვეყნის ეკონომიკურად განვითარება. სწრაფი განვითარება, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა", -განაცხადა კახა კალაძემ.
ბოლნისში ამომრჩეველს მიმართა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა. გოგა მეშველიანმა 4 წლის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ქართული ოცნება" გახლავთ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შექმნა საფუძველი ჩვენი პიროვნული განვითარების, ჩვენი საზოგადოებრივი განვითარების, „ქართულმა ოცნებამ" მოიტანა თავისუფლება, დღეს ბიზნესი თავისუფალია, ეს არის ჩვენი განვითარების წინა პირობა".
მაჟორიტარობის კანდიდატმა ბოლნისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება: „თქვენ ხედავთ, თუ რამდენი პროექტი ხორციელდება ბოლნისში, ალბათ აქ არ დარჩა ქუჩა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები არ მიმდინარეობს. ეს ყველაფერი გაგრძელდება და გაგრძელდება იმისათვის, რომ ჩვენს ხალხს ჰქონდეს უკეთესი მომავალი, ჩვენს ხალხს ქონდეს წინაპირობა იცხოვროს კეთილმოწყობილ გარემოში. თქვენ იცით, რომ ჩვენ უამრავი სოციალური პროექტი განვახორციელეთ, ერთ მაგალითს მოგიყვანთ, მხოლოდ მუნიციპალურ ბიუჯეტში 2012 წელთან შედარებით 60 პროცენტით გავზარდეთ ხარჯები სოციალურ და ჯანდაცვის მომსახურებისთვის. ეს გავაკეთეთ იმისათვის, რომ, აი, ამ გარდამავალ ეტაპზე, სანამ ქვეყანა ბოლომდე ფეხზე არ დადგება, ჩვენს მოქალაქეებს და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ადამიანებს ჰქონდეთ მყარი გარანტია განვითარებისათვის", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მაჟორიტარობის კანდიდატმა.